27 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
დევნილებისთვის პირობა გვაქვს მიცემული, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში დავაკმაყოფილოთ 13 000-მდე ბინით - ზურაბ აზარაშვილი

13 ათასამდე დევნილ ოჯახს ბინების გადაცემას მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში ჰპირდებიან - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ითქვა, აღინიშნა, რომ ნაწილს სახლები დაუკანონდება, ნაწილს კი ახალ აშენებული ბინები გადაეცემა. 

საჯარო ინფრასტრუქტურაზე და განვადების მაშტაბურ პროექტთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდა განცხადებები მინისტრთა კაბინეტის წევრების მხრიდან. სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ პროექტში ჩართული იქნება 20 000-მდე მოქალაქე, რომლებიც  სხვადასხვა მშენებლობაზე დასაქმდებიან.

რაც შეეხება მიმართულებებს, იგეგმება 800-მდე სკოლების რეაბილიტაცია და მშენებლობა. ასევე პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია პოლიციის ქალაქის მშენებლობა, როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განცხადა პოლიციის ქალაქი აშენდება ჯიქიას ქუჩაზე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია.

"მრავალფუნქციურად მნიშვნელოვანი ინიციატივები არის და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვართ, რომ ამ ინიციატივების განხორციელების დასაწყისშივე უკვე ეფექტი იქნება ძალიან საინტერესო,"- აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.

"დევნილებისთვის ჩვენ პირობა გვაქვს მიცემული, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ავაშენოთ და დავაკმაყოფილოთ 13 000-მდე ბინით თუ სახლით. ამ 13 000-დან 6000 ვფიქრობთ, იქნება სოფლად სახლის პროექტში გასაცემი, ხოლო დანარჩენი 7 000 ბინა, რომელიც არის ნახევარ მილიონ კვადრატულ მეტრამდე, ხოლო ბიუჯეტი არის დაახლოებით 700 მილიონი ლარი, გამოვაცხადებთ მომდევნო კვირიდან და სამშენებლო კომპანიებს უკვე შეეძლებათ დევნილებისთვის ბინების აშენება,"- აღნიშნა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციიაზე დაიხარჯება 1 მილიარდი ლარი. 

"ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, აშენდება 80 ახალი სკოლა. 220 სკოლა გაივლის სრულ რეაბილიტაციას და 500 სკოლა ნაწილობრივ რეაბილიტაციას. ამ უაღრესად მნიშვნელოვან პროექტში დაიხარჯება 1 მილიარდი ლარი და ეს შეეხება 230 ათასზე მეტ მოსწავლეს. ეს პროექტი არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ჩვენი გუნდისთვის ახალგაზრდებზე და მათ განათლებაზე ზრუნვა არის სტრატეგიული პრიორიტეტი,"-აცხადებს მიხეილ ჩხენკელი. 

დღის ამბები