27 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
9 გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი, რამდენიმე დაჭრილი - როდის მოხერხდება დაღუპული მებრძოლების უკრაინიდან საქართველოში გადმოსვენება

უკრაინაში ოკუპანტებთან ბრძოლის დროს დაღუპული 21 წლის მეომარი დღეს დაკრძალეს. ნიკოლოზ შანავა უკანასკნელ გზაზე სამხედრო პატივით გააცილეს. წმინდა გიორგის ეკლესიაში იდგა საპატიო ყარაული. ახალგაზრდა მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგეს უცნობმა ადამიანებმაც. მეგობრები და ახლობლები ამბობენ, რომ ნიკა შანავა მოძმე ერის მშვიდობის დაცვით, საკუთარი ქვეყნის ინტერესებსაც იცავდა.

ნიკა შანავას ოჯახის წევრებს დღეს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, დავით მენაბდიშვილის ოჯახმა. ნიკა შანავა სამშობლოში ორი დღის წინ სწორედ დავით მენაბდიშვილთან ერთად ჩამოასვენეს, რომელიც გუშინ სამხედრო პატივით რუსთავში დაკრძალეს. ისინი რუსეთის წინააღმდეგ ქალაქ იზიუმთან იბრძოდნენ.

უკრაინაში საოკუპაციო ძალების მხრიდან თავდასხმას გუშინ კიდევ სამი ქართველი მებრძოლი შეეწირა. არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე, ალიკა ცაავა - მეომრებს სამშობლოში რამდენიმე დღეში გადმოასვენებენ. ქართველი მებრძოლების პატრიოტიზმზე დღეს მათი ოჯახის წევრები და ახლობლები საუბრობენ.

უკრაინაში საქართველოს საელჩო ახლა სწორედ სამი მებრძოლის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე მუშაობს. გიორგი ზაქარაშვილი "კურიერთან" აცხადებს, რომ მეომრებს თბილისში, სავარაუდოდ, ხუთშაბათს ჩამოასვენებენ.

მკურნალობას კლინიკაში გადის გუშინდელი საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილი ქართველი მებრძოლი. ზურაბ მუდუქიას მდგომარეობა, რომელსაც ჭრილობა თავის არეში აქვს მიღებული, ამ დროისთვის სტაბილურია.

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის ტერიტორიაზე ოკუპანტების მხრიდან განხორციელებულ თავდასხმას 9 ქართველი მებრძოლი შეეწირა. მათგან ერთის, ბახვა ჩიქობავას გამოსვენება რთული საომარი ვითარების გამო მარიუპოლიდან ჯერჯერობით ისევ ვერ ხერხდება.

დღის ამბები