უკრაინაში დღევანდელი დღე ახალი ულტიმატუმით დაიწყო. ოკუპანტი ქვეყნის სამხედროებმა მარიუპოლში გამაგრებულ "აზოვის" ბატალიონს და ქალაქის სხვა დამცველებს იარაღის დაყრისა და ჩაბარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და 6 საათიანი ვადა მისცეს. პასუხი ალყაში მყოფი მებრძოლების მხრიდან იგივე იყო, რაც წინა ჯერზე. ისინი ბრძოლას განაგრძობენ.
საბრძოლო მზადყოფნაა სამხრეთ და აღმოსავლეთ საზღვრების სიახლოვეს მდებარე არაერთ ოლქში, სადაც ახალ, ინტენსიურ შეტევებს ელოდებიან.
რუსეთი უკრაინის ქალაქების ნგრევის სტრატეგიას არ ცვლის. საოკუპაციო ჯარი მთავარ აქცენტს კვლავ სარაკეტო დარტყმებზე აკეთებს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება და პარალელურად იზრდება ზარალი. იმ დასახლებებში კი, რომლებიც მანამდე დაიბომბა, ყოველდღე პოულობენ ცხედრებს, ნაღმებს და ახალ მტკიცებულებებს ომის დანაშაულების შესახებ.
უკრაინელები სიმშვიდეს ინარჩუნებენ იმის მიუხედავად, რომ მათი ქალაქები ფაქტობრივად მიწასთან არის გასწორებული, მაგალითად ირპენი. ქალაქში შენობების 70%-ზე მეტი დააზიანეს ან გაანადგურეს. გაეროს კვლევით, რომელიც თანამგზავრისგან მიღებულ მონაცემებს ეფუძნება, 115 შენობა მთლიანად განადგურდა, 698 - მნიშვნელოვნად, 187 კი - ნაწილობრივ დაზიანდა.
არ წყდება იერიში ხარკოვზე. უკვე თითქმის 48 საათია, პაუზების გარეშე ქალაქი და ოლქი საარტილერიო და საავიაციო ცეცხლის ქვეშ არის. იზრდება დაღუპულთა რიცხვი. ოკუპანტების იერიშს კიდევ 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 31, მათ შორის 4 მცირეწლოვანია.
6 აპრილს ბოროდიანკაში ოკუპანტების მიერ 5 კორპუსის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. 3 მრავალსართულიანი კორპუსის ნანგრევებში მაშველებმა დღეს კიდევ 41 ცხედარი აღმოაჩინეს. სამაშველო სამუშაო 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი მარიუპოლის "ილიჩის" მეტალურგიული კომბინატის კადრებს ავრცელებს და ირწმუნება, რომ მისი სამიზნე მხოლოდ სტრატეგიული ობიექტებია. თუმცა, დრონით გადაღებულ მასალაში რატომღაც არ მოხვდა ათეულობით ადამიანის ცხედარი, რომელთა დაკრძალვის უფლებას ნათესავებს ოკუპანტები არ აძლევენ.
მარიუპოლში ჰუმანიტარული კრიზისია. ამაზე ღიად საუბრობენ გაეროში და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში - თითქმის ყოველდღე საპორტო ქალაქში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს დახმარებას კიდევ ერთხელ სთხოვს.
უკრაინელი სამხედროები ახლა ლუგანსკის და დონეცკის ოლქებზე არიან ფოკუსირებული. სწორედ ამ ზონებში, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ყველაზე ინტენსიური დაპირისპირების მოლოდინში არიან.