27 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
საერთო სასაფლაოები ბუჩასა და ირპინში, დაბომბილი ქალაქები - უკრაინაში სოლიდარობის ვიზიტს ქართული საპარლამენტო დელეგაცია აფასებს

საერთო სასაფლაოები ბუჩასა და ირპინში, დაცხრილული და დაბომბილი ქალაქები, სარდაფები, სადაც მშვიდობიან მოსახლეობას აწამებდნენ და ხვრეტდნენ - ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვის და უკრაინის ხელისუფლებისა და ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვის შემდეგ ქართული საპარლამენტო დელეგაცია თბილისში დაბრუნდა. ეს იყო ვიზიტი, რომელსაც არაერთი უხერხული წინაპირობა და კითხვის ნიშანი ახლდა თან, თუმცა დღეს დეპუტატები ამბობენ, რომ ეს კითხვები მოხსნილია.

საქართველოს და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებებში გუშინ არაერთხელ აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას, ისტორია, ხალხებს შორის მეგობრობა და რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით საერთო გამოწვევები აერთიანებს. ასევე, არაერთხელ ითქვა, რომ ამ გამოწვევის წინააღმდეგ ქვეყნები ერთობლივად განაგრძობენ პოლიტიკურ თუ სამართლებრივ ბრძოლას.

რადას თავმჯდომარესთან რუსლან სტეფანჩუკთან შეხვედრისა და რუსული არმიის მიერ განადგურებული ქალაქების: ბუჩას, ირპინისა და კრამატორსკის მონახულების შემდეგ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თბილისში დაბრუნდა. დეპუტატები "კურიერის" კამერასთან ჰყვებიან იმ სისასტიკის შესახებ, რაც მათ საკუთარი თვალით ნახეს. დელეგაციის ოპოზიციონერი წევრები აცხადებენ, რომ უკრაინას საქართველოს მხარდაჭერა სჭირდება. კიევში ვიზიტმა კი, კანონმდებლების შეფასებით, საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში გადატვირთვა უნდა მოახდინოს.

საქართველოს დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის წევრების შეფასებით, უკრაინის დედაქალაქში ვიზიტი არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში, ორივე მხარისთვის საჭირო იყო. ქართველების მხრიდან უკრაინელებისთვის გამოხატული სოლიდარობის გარდა, საქართველომ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზადყოფნა ყველა არსებული რესურსით უკრაინას მხარი დაუჭიროს. მასპინძლებმა ქართველებს დახმარება, ასევე, რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხითაც სთხოვეს.

ყველა კრიტიკულ კითხვას, რომელიც უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში არსებობდა, ქართველი კანონმდებლების კიევში ჩასვლამ ცხადი პასუხი გასცა - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება.

დეპუტატები "ქართული ოცნებიდან" ამბობენ, რომ მასპინძელი ქვეყნის პირველი პირების განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ორ ქვეყანას შორის გაუგებრობები არ არსებობს და საქართველო-უკრაინა ერთმანეთს პარტნიორებად და მეგობრებად აღიქვამენ. საომარი მოქმედებების დროს გაბედული სამსახურისთვის გადაუხადა შალვა პაპუაშვილმა მადლობა იმ ქართველ დიპლომატებს, რომლებსაც უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებიათ. პარლამენტის თავმჯდომარემ "ტვიტერში" დაწერა -"ქართული დროშა ყოველთვის მაღლა ფრიალებდა საქართველოს საელჩოს წინ, კიევში, ყველაზე სახიფათო დღეებშიც კი."

საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია უკრაინაში 15 აპრილს ჩავიდა. ქართველ დეპუტატებს უკრაინელმა კოლეგებმა უმასპინძლეს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის თავმჯდომარეების პირისპირ შეხვედრაც გაიმართა.

კიევში ორივე მხარის მიერ ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოსა და უკრაინას საერთო მტერი ჰყავს. რუსულმა ძალებმა იგივე გააკეთეს 2008 წელს საქართველოში, რასაც ახლა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე აკეთებენ. სწორედ ამ საკითხს გაუსვა ხაზი შალვა პაპუაშვილმა, როდესაც თქვა, რომ საქართველოს თავისი "ბუჩები" და "ირპინები" ანუ რუსების მიერ დანგრეული და განადგურებული ქალაქები, სოფლები და მიტაცებული ტერიტორიები აქვს. უკრაინაშიც და საქართველოშიც, ბრძოლის ველზე თუ მის გარეთ, აცხადებენ, რომ ისინი არასოდეს შეეგუებიან რუსეთის ოკუპანტი რეჟიმის მიერ დამოუკიდებელი ქვეყნების კუთვნილი ტერიტორიების მიტაცებას.

პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში, ვიცე-სპიკერები არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო, ლევან იოსელიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი შედიოდნენ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპელმა სოციალისტებმა" დელეგაციაში მონაწილეობაზე საკუთარი სურვილით უარი განაცხადეს.

დღის ამბები