უკრაინის რადაში გამართული შეხვედრების და ირპენსა და ბუჩაში ჩადენილი ომის დანაშაულების საკუთარი თვალით ნახვის შემდეგ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თბილისში დაბრუნდა. 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა, უკრაინაში გუშინ ჩავიდა.
როგორც რადას სპიკერთან, რუსლან სტეფანჩუკთან და უკრაინელ დეპუტატებთან პირისპირ შეხვედრებზე, ასევე მედიასთან გაკეთებული განცხადებების დროს არაერთხელ აღინიშნა, საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის პოლიტიკური და სამართლებრივი კუთხით, რათა რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები არ დარჩეს დაუსჯელი.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს უკრაინაში ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მართალია დაგვიანებულად, თუმცა უკრაინაში ვიზიტი სწორად გადადგმული ნაბიჯი იყო და საქართველოს და უკრაინას შორის პოლიტიკური ურთიერთობის აღდგენაზე პოზიტიურად იმოქმედებს.
"ეს იყო სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს და უკრაინის ურთიერთობის აღდგენის თვალსაზრისით. ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, ეს ურთიერთობის გაფუჭების პროცესი ღრმავდებოდა, ამიტომ ასეთი ვიზიტი და შეხვედრა, ასეთი საუბარი და ასევე პირისპირ შეხვედრა ორივე სპიკერის ცალკე და ყველა პრობლემური საკითხის განხილვა, რაც აქამდე იდგა დღის წესრიგში, არის სერიოზული გარღვევა იმისთვის, რომ განვითარდეს და თავიდან დაიწყოს ჩვენი ურთიერთობები. ეს იყო დასტური სოლიდარობის, სამძიმრის გამოთქმის და მომავალი მხარდამხარ მუშაობის ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან ერთად," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ საქართველო არ გახდება სანქციებისთვის გვერდის ავლის შავი ხვრელი.
"მე მიმაჩნია, რომ ეს იყო დაგვიანებული, მაგრამ სწორი ვიზიტი სწორი ფორმატით და შემადგენლობით და იმედი მაქვს, რომ ამ ვიზიტის შემდეგ გაცილებით უფრო სხვა შინაარსით და კონსტრუქციული რიტორიკით გაგრძელდება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან პოზიციონირება," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ შეხვედრა თავის მხრივ მნიშვნელოვანი იყო როგორც სოლიდარობის გამოხატვა ქვეყნისადმი, თუმცა ამავე დროს ცალსახად გამოიკვეთა ის ტენდენცია და შეიქმნა ძალიან მყარი საფუძველი აღნიშნული შეხვედრისგან, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში არსებული გაურკვევლობები საქართველოსა და უკრაინას შორის, მნიშვნელოვანწილად მოგვარებულია.
"ამიტომ, ეს ორმაგად მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და ვფიქრობ, რომ თავისი ფუნქცია წარმატებით შეასრულა," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
"ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სახელმწიფოებრივ დონეზე საქართველოსა და უკრაინას შორის არანაირი წინააღმდეგობა და დაპირისპირება, რაიმე გადაუწყვეტელი პრობლემა არ არსებობს და ვიზიტის მთავარი ამოცანა და მიზანი იყო უკრაინისთვის ქართველი ხალხის სოლიდარობის, მხარდაჭერის გადაცემა და აგრეთვე იმ პოლიტიკური მცირედი გაუგებრობის აღმოფხვრა, რომელიც ბოლო ხანებში შეიქმნა," - ამბობს გიორგი ხელაშვილი.