დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში ინსტალაცია "მედეას ბურკას" პრემიერა შედგა. პერფორმანსი ბერძენი დრამატურგის, ანდრეას ფლურაკისის ამავე სახელწოდების მონოპიესას ეფუძნება.
დამთვალიერებელს 16-დან 22 აპრილამდე შესაძლებლობა ექნება ექსპოზიციის ნაწილი იხილოს, ხოლო საღამოს საათებში პერფორმანსს დაესწროს. პრემიერას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
"ეროვნულ გალერეაში დღეს შედგა პრემიერა, ვანო ხუციშვილის მონო-სპექტაკლი ნახა მაყურებელმა, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის კიდევ ერთხელ გავიაზროთ ის როლი, რომელმაც კაცობრიობის მეხსიერებაში შეასრულა მედეამ და ჩვენ ვიხილეთ მედეას აბსოლუტურად განსხვავებული და განსაკუთრებული სახე," - განაცხადა კულტურის მინისტრმა.