რუსეთი უკრაინის ქალაქების ნგრევის სტრატეგიას არ ცვლის - საოკუპაციო ჯარი მთავარ აქცენტს კვლავ სარაკეტო დარტყმებზე აკეთებს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება და პარალელურად იზრდება ზარალი.
დღეს დილით სარაკეტო დარტყმები, მათ შორის კიევის ოლქში, ქალაქ ბროვარზე განხორციელდა. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, თუმცა ოფიციალურ წყაროებში ნგრევის მასშტაბი და მსხვერპლი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. აქვე ნათქვამია, რომ არსებობს ელექტროენერგიის და წყალმომარაგების შესაძლო გათიშვის საფრთხე.
მოვისმინეთ მორიგი ულტიმატუმიც მარიუპოლთან დაკავშირებით. რუსეთმა ალყაში მოქცეულ ქალაქში გამაგრებულ სამხედროებს დანებებისთვის რამდენიმე საათი მისცა. ქალაქში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა თუმცა "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებული მებრძოლები დანებებას არ განიხილავენ.
პარალელურად ზელენსკი ამბობს, რომ მარიუპოლის დამცველების განადგურების შემთხვევაში ვერანაირი სამშვიდობო შეთანხმება ვერ შედგება. გრძელდება რუსული არმიის დანაყოფების გადაჯგუფება აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებებზე. იმ ქალაქებში კი, საიდანაც რუსებმა უკან დაიხიეს დატოვებულ ცხედრებს, ნაღმებს და დანგრეულ შენობებს ითვლიან. მაგალითად ირპინში შენობების 70%-ზე მეტი დაზიანებული ან მთლიანად განადგურებულია. ამასთან იზიუმში ახალი მტკიცებულებები იპოვეს, რაც ქიმიური იარაღის გამოყენებას ადასტურებს.
"არსებობს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან სარაკეტო დარტყმებისა და საარტილერიო დაბომბვის საფრთხე ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ოკუპანტები აგრძელებენ ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებას და მისი საცხოვრებელ ტერიტორიებს დაბომბვას. გრძელდება მტრის საჰაერო დარტყმები მარიუპოლზე. საზღვაო პორტთან ახლოს განხორციელდა თავდასხმითი ოპერაციები. ოკუპანტები მშვიდობიანი მოქალაქეების ძარცვას აგრძელებენ. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 10 შეტევა მოიგერიეს, განადგურებულია 15 ტანკი, 24 ჯავშანტექნიკა და 10 მანქანა, ასევე მტრის სამი საარტილერიო სისტემა. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა მტრის 13 საჰაერო სამიზნეს დაარტყეს," - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის პრესსპიკერი ალექსანდრე სტუპუნი.
რუსული მხარე კი აცხადებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის ტერიტორიაზე უკრაინული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გადაცემული იარაღის ტრანსპორტირებას ახდენდა. მარიუპოლის განთავისუფლების პროცესში უკვე 1464 უკრაინელი სამხედრო ჩაბარდა, რომელთა შორისაც "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიიდან გაქცეულებიც არიან.
"რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის ტერიტორიაზე უკრაინული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გადაცემული იარაღის ტრანსპორტირებას ახდენდა. მარიუპოლის განთავისუფლების პროცესში უკვე 1464 უკრაინელი სამხედრო ჩაბარდა. მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მათ შორის არიან "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიიდან გაქცეულებიც. უკრაინული ჯარების მსხვერპლი მხოლოდ მარიუპოლში 4 000-ზე მეტია. შესაბამისად, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბოლოდროინდელი განცხადებები დასავლურ მედიაში, თითქოს ეს რიცხვი მხოლოდ 2500-3000-ს შეადგენს, მისი მორიგი ტყუილია," - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი იგორ კონაშენკოვი.