სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში "კურიერს" დაუდასტურეს, რომ უკრაინაში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის დროს მოსალოდნელი პროვოკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სუსის ინფორმაციით, საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 325-ე მუხლზე, რაც გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა მის ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაცია უკრაინელ კოლეგებს უკვე გადაუგზავნა.
მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გააკეთა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს დახურულ კარს მიღმაც შეხვდა.
ვოლსკის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტის ფონზე პროვოკაციას გეგმავს და სწორედ ამიტომ არ არიან ისინი საპარლამენტო დელეგაციის იმ შემადგენლობაში, რომელიც უკრაინაში მიემგზავრება.
"ნაციონალური მოძრაობა" გარკვეული პროვოკაციების დაგეგმვის მიზნით არის მობილიზებული და სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რატომ არ არიან დელეგაციაში. უფრო მეტსაც გეტყვით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღეს ინფორმაცია ჩვენმა სპეცსამსახურებმა და უკვე გაუზიარეს ეს უკრაინის სპეცსამსახურებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ამასთან დაკავშირებით მიიღებენ შესაბამის ზომებს და ამ ვიზიტს ხელი არ შეეშლება. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი კოლეგები ამ კონსულტაციებით და თავისი რესურსებით შეძლებენ, რომ არ იქნას დაშვებული დელეგაციის მიმართ რაიმე პროვოკაცია," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.