27 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
როდის დასრულდება კოვიდპანდემია - ამირან გამყრელიძე მოვლენების განვითარების 3 სავარაუდო სცენარს განიხილავს

კორონავირუსის მწვავე ფაზა საქართველოში დასრულებულია, თუმცა მსოფლიო პანდემიიის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ინფიცირების 392 ახალი შემთხვევაა და მხოლოდ 2 გარდაცვლილი. ანალოგიური სტაბილური მდგომარეობა საქართველოში 2020 წლის აგვისტოს შემდეგ არ ყოფილა.

კლინიკებში პაციენტების რიცხვი ყოველდღიურად იკლებს, დღევანდელი მდგომარეობით კი სულ 3 ათასი ინფიცირებულია.

კოვიდ-19-ის გავრცელების მთავარ ბარიერად კვლავ აცრილი მოქალაქეები არიან, რომელთა რაოდენობა ქვეყანაში მილიონ 260 ათას აღწევს. 

​ეპიდემიოლოგებს მოლოდინი აქვთ, რომ შემოდგომაზე ვირუსი კიდევ უფრო დასუსტდება და სეზონური გრიპის სახეს მიიღებს.

დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირდაპირ ამბობს, რომ ამ მონაცემებით კოვიდ-19 -ის მწვავე ფაზა დასრულებულია და ვირუსის გავრცელების ყველა მაჩვენებელი შემცირებული. თუმცა ამირან გამყრელიძე სიფრთხილის აუცილებლობაზე მაინც საუბრობს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით პანდემიის განვითარების 3 სავარაუდო სცენარს განიხილავს.

"თუ ეს ვირუსი კიდევ უფრო შემცირდა, ეს არის პირველი და მეორე სცენარი, საჭირო გახდება ისევე როგორც გრიპზე ერთი აცრის გაკეთება. ჯანმოს მესამე სცენარი არაა ოპტიმისტური, თუ გაჩნდა ისეთი შტამი, რომლის ალბათობაც შედარებით ნაკლებია, უფრო აგრესიული, მაშინ შესაძლებელია, რომ იყოს უკვე მძიმე ტალღა," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ვაქცინაცია, აცრის ან კოვიდის გადატანის შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი მიაჩნია მთავარ დამცავ ბარიერად ივანე ჩხაიძეს. ოფიციალური მონაცემით საქართვლოში დღეს ვირუსის მიმართ იმუნიტეტი მოსახლეობის უკვე 85 % -ს აქვს გამომუშავებული.

როდის დასრულდება პანდემია? მსოფლიო  პასუხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ელოდება. სპეციალისტების პროგნოზით გადამწყვეტი ამ თვალსაზრისით, შესაძლოა შემოდგომა გახდეს და ვირუსმა ენდემური და გრიპისმაგვარი სახე მიიღოს.

დღის ამბები