გენოციდი - ეს სიტყვა ევროპაში სისხლისმღვრელი და დამანგრეველი ომის შესაფასებლად ოკეანის მიღმა პირველად გაისმა.
ჯო ბაიდენმა უკრაინაში პუტინის ქმედებებს გენოციდი მაშინ უწოდა, როცა გაზისა და ნავთობის ტარიფების ზრდაზე საუბრობდა.
ამერიკის პრეზიდენტმა ღიად ისიც თქვა, რომ დიქტატორების გადაწყვეტილებებზე მისი ქვეყნის ბიუჯეტი აღარ უნდა იყოს დამოკიდებული. ცოტა ხნის წინ კი რუსი კოლეგა სამხედრო დამნაშავედაც მოიხსენია.
ამ ინტერვიუდან მალევე უკრაინის მეექვსე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს გამბედაობა მოუწონა, მის განცხადებას კი "ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები" უწოდა.
იქ, სადაც რუსმა სამხედრომ ფეხი დადგა, ყველგან სექსუალური ძალადობის, წამების, არაადამიანური მოპყრობისა და მკვლელობის უამრავი შემზარავი ფაქტია. თუმცა სასტიკი ომის შესაფასებლად სიტყვა გენოციდი ემანუელ მაკრონისთვის მაინც გადაჭარბებულია. მაკრონი სისხლისმღვრელ ომში ჩართული ქვეყნების ისტორიულ ძმობაზე საუბრობს. პოლიტიკოსი, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტობა მეორე ვადით სურს, დაპირისპირებული ქვეყნების პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარსაც გეგმავს. თუმცა მაკრონს უკრაინიდან უკვე შეუთვალეს, რომ ორი ერის მეგობრობაზე მითი თებერვალში უკვე დაიმსხვრა.
გერმანიის პრეზიდენტისთვის უკრაინაში ადგილი ვერ მოიძებნა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასთან შეხვედრა ბერლინის ფრთხილი პოზიციის გამო არ ისურვა. ეს ამბავი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა პოლონეთში ვიზიტისას გაახმაურა. გერმანიის პრეზიდენტს სურდა, უკრაინის დედაქალაქში ესტონელ და ბალტიისპირელ კოლეგებთან ერთად ჩასულიყო. კიევში მხოლოდ კანცლერი ოლაფ შოლცი მიიპატიჟეს. გერმანიის საპარლამენტო ჯგუფის ლიდერმა დღეს განმარტა, რომ პარტნიორობა უნდა გაგრძელდეს და ამ დიპლომატიურმა უხერხულობამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას ორი ქვეყნის თანამშრომლობას.
დასავლეთის ქვეყნები მარტო სიტყვით არა, საქმითაც აპირებენ საომარ მოქმედებებში მყოფი უკრაინის დახმარებას და მის გაძლიერებას. "ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიევს შესაძლოა Mi-17-ის ტიპის ვერტმფრენები გაუგზავნოს. ამერიკული მხარე ასევე განიხილავს უკრაინისთვის ჯავშან-მანქანების, დრონებისა და ჰაუბიცების გადაცემასაც.