27 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
პუტინს გეგმა ჩაუვარდა? - ვინ არის დაკავებული ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელსაც კიევი სახელმწიფო ღალატში სდებს ბრალს

ვიქტორ მედვედჩუკი ხელბორკილებში - ასეთი იყო პირველი ფოტო, რომელიც მისი დაკავების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. უკრაინის სახელმწიფო ღალატში მხილებული პუტინის ნათლიმამა, უკრაინის უშიშროების სამსახურმა, სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. ვიქტორ მედვედჩუკი 45 დღე იმალებოდა და უკრაინის დატოვებას ცდილობდა.

პრორუსმა ოლიგარქს, შინაპატიმრობა ომამდე ჰქონდა მისჯილი, თუმცა, რუსული აგრესიის დაწყებიდან 3 დღეში, საკუთარი სახლიდან გაიპარა და 45 დღე იმალებოდა. დაკავების დეტალებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური არ ასაჯაროებს. მედვედჩუკის შვილის ნათლია ვლადიმერ პუტინს, მეგობრის დაკავებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. მოსკოვში არც იმას აკონკრეტებენ მოხდება თუ არა მედვედჩუკის გაცვლა უკრაინელ სამხედრო ტყვეებზე. დაკავებული ოლიგარქის მეუღლემ, უკრაინის პრეზიდენტს, მედვედჩუკის გათავისუფლების თხოვნით "ტელეგრამ" არხზე მიმართა.

მედვედჩუკის კიევის სასახლეში სარემონტო სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის. რეზიდენცია, შიგნით არსებული ძვირადღირებული ნივთებით, უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაყადაღებულია.

მედვედჩუიკის ქალაქგარეთ რეზიდენციაში, კილოგრამობით ოქრო მხოლოდ დეკორაციებშია გამოყენებული, იქ მოოქროვილია უნიტაზი და პირსაბანი, ასევე რუსეთის გერბი, რომლის მესაკუთრეც ჭურჭელზეა გრავირებული. ამ რეზიდენციის გარდა, მედვედჩუკის საკუთრებაა რამდენიმე მილიონად შეფასებული იახტა, რომელიც ხორვატიის ერთ-ერთ პორტში დგას. მედვედჩუკს სასამართლომ, იახტასთან ერთად, შვიდი ბინა, ორი ვილა, ხელოვნების ნიმუშები და მანქანები დაუყადაღა. ჩამონათვალშია მისი ცოლის საჩუქარიც, მატარებლის ოქროს ვაგონი, რომელიც საკუთარ სახლში, საგანგებოდ დამონტაჟებული რკინის პლატფორმაზე დგას.

ღალატში ბრალდებული ვიქტორ მედვედჩუკი, პოლიტიკაში 1997 წელს ჩაერთო, 2000-იან წლებში, მისი შვილი ვლადიმერ პუტინმა მონათლა. ასე გაჩნდა ზედმეტსახელი "პუტინის ნათლიმამა". 2014 წელს პუტინის გარემოცვის წევრის კანდიდატურას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე განიხილავდნენ, მაგრამ მოსკოვის გეგმები მაიდნის მოვლენებმა შეცვალა. მედვედჩუკი კვლავ გააქტიურდა, სამმხრივი მოლაპარაკებების დროს, მინსკში, რა დროსაც ის მომლაპარაკებლის ფუნქციას ითავსებდა. ის ჩართული იყო ტყვეთა გაცვლის პროცესშიც. 2018 წელს, მან შექმნა პარტია "სიცოცხლე", რა დროსაც დონბასის ავტონომიური რესპუბლიკის აღიარებაზე დაიწყო საუბარი.

კონცეფციის გეგმა, სამთავრობო ორგანოებით, დონბასის ავტონომიური რეგიონის შექმნას ითვალისწინებს, როგორიცაა პარლამენტი, მთავრობა და სხვა ორგანოები, რომლებიც დონბასში ცხოვრებისეულ საქმიანობას  განახორციელებენ.

უკრაინის პროკურატურის მტკიცებით, მედვედჩუკი მოსკოვს რეგულარულად აწვდიდა ცნობებს უკრაინული არმიის შესახებ. ოფიციალური კიევი დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინის მეგობარი და უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მთავარი მოკავშირე, ძალოვან სამსახურს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის.

დღის ამბები