ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარესთან უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, შალვა პაპუაშვილს ოპოზიციიის და უმრავლესობის წარმომადგენლები ხვდებიან.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა შესაძლოა შემცირდეს, რადგან როგორც უმრავლესობა ამბობს, პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სხვა ფორმატია და შემადგენლობას თავად შალვა პაპუაშვილი დააკომპლექტებს.
ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ თუ ამ შემადგენლობაში ვერ მოხვდება, უკრაინაში ინდივიდუალურად გაემგზავრება.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დელეგაციაში ყველა ოპოზიციური პარტია უნდა იყოს წარმოდგენილი და ამ პოზიციას ბოლომდე დაიცავს.
"დელეგაცია უნდა იყოს ერთიანი, არანაირი გამონაკლისები და "ვინც მინდა იმას ჩავსვამ" დელეგაციაში, "ქართულ ოცნებას" ამის უფლება არ აქვს, ამ პოზიციას დავიცავ ბოლომდე. იმედი მაქვს, ყველა ოპოზიციური პარტია დაიცავს იმ პოზიციას რაც ვთქვით და არ იქნება ცვლილება სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე.
თუ ამ დელეგაციაში არ იქნება ყველა ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი, მაშინ, როგორც ვიცი, ოპოზიცია საერთოდ არ იქნება წარმოდგენილი და იმედი მაქვს, ამ პოზიციას დაიცავს ყველა ოპოზიციური პარტია," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილის მიერ დაკომპლექლებულ სიას დაელოდება, მათ ექნებათ კომუნიკაცია ამ საკითხზე მმართველ გუნდთან და შემდეგ მიიღებენ გადაწვეტილებას. დეკანოიძის თქმით, მისთვის პერსონალურად არავითარი დაბრკოლება არ არის კიევში გამგზავრება.
"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მხოლოდ თვითონ არ შეურთდება დელეგაციას, თუ მისი კოლეგები არ იქნებიან.