27 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
"რატომ არ შეუძლია გაეროს გააკეთოს მეტი რუსეთის შესაჩერებლად?" - გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის სამხედრო დანაშაულები უკრაინაში

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დღეს საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის სამხედრო დანაშაულები უკრაინაში და მისი შეიარაღებული ძალების აგრესია, მიმართული მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ქალების და ბავშვების წინააღმდეგ. დიპლომატებმა ისაუბრეს მკვლელობებზე, გაუპატიურებებსა და ძალადობაზე. საერთაშორისო თანამეგობრობა შოკირებულია პარასკევს კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე მომხდარი თავდასხმით, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის, ბავშვები. 

"ქალები და ბავშვები ზიანდებიან, მათ აუპატიურებენ, მათზე ძალადობენ და ქალები და ბავშვები კვდებიან. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ბავშვთა სახლები და ჰოსპიტლები დაბომბა. ჩვენ ვნახეთ დახოცილი ბავშვები. პარასკევს, რკინიგზის სადგურს, რომელსაც სამოქალაქო პირები ევაკუაციისთვის იყენებდნენ, რუსული რაკეტა ესროლეს. ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტებმა სულ მცირე 20 დაღუპული იხილეს. მათ შორის, ბავშვები. ჟურნალისტების ცნობით, ადგილზე რაკეტის მოზრდილი ნაწილი იყო, რომელსაც შემაძრწუნებელი წარწერა ჰქონდა. რუსულად ეს იყო სიტყვა "ბავშვებისთვის“. აი, ასეთია რუსული ომი,- აცხადებს აშშ-ს ელჩი გაეროში ლინდა თომას გრინფილდი.

გაეროს უშიშროების საბჭოზე კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ რუსეთი, როგორც ვეტოს უფლების მქონე უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი სისტემატურად ბლოკავს გადაწყვეტილებებს და მძევლად ჰყავს აყვანილი ორგანიზაციის ეს სტრუქტურა. ალბანეთის ელჩმა თქვა, რომ რუსი სამხედროები უკრაინელ ტყვეებს დაკითხვის შემდეგ ხოცავენ. დიპლომატებმა გაიხსენეს ალეპო, სკრიპალების მოწამვლა, ნავალნის საქმე და კრემლის რეჟიმის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულები.

"რატომ არ შეუძლია გაეროს გააკეთოს მეტი რუსეთის შესაჩერებლად? ეს შეკითხვა და ბრაზი მართებულია. რუსეთმა, თავისი ვეტოთი ეს საბჭო მძევლად აიყვანა და ხელს უშლის მას, უკრაინაში მშვიდობა დაამყაროს. თუმცა, საბედნიეროდ არის სტრუქტურები, რომლებშიც რუსეთის ვეტოს ვერ იყენებს. ბოლო 10 კვირის განმავლობაში, ჩვენ აქ 15-ჯერ შევიკრიბეთ, რათა გამოგვეაშკარავებინა რუსეთის ამაზრზენი ქმედებები, მისი იზოლირება გვეჩვენებინა და გვეთქვა, რომ ფასი გადასახდელი იქნება. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სამხედრო მეთაური პასუხისმგებელია მისი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ დანაშაულზე. ბუჩას ოკუპაციაში მონაწილე ვიცე-პოლკოვნიკმა აზათბექ ომურბკოვმა პასუხი უნდა აგოს სისასტიკეებზე, გაუპატიურებებსა და ასობით სამოქალაქო პირის მკვლელობაზე,"-აცხადებს ალბანეთის ელჩი გაეროში.

უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომა დასავლეთის დელეგაციების ინიციატივით მოიწვიეს, რათა მეტი ინფორმაცია მიეღოთ ჰუმანიტარულ ვითარებაზე გაეროს უწყებების ხელმძღვანელებისგან და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისგან, რომელიც სხდომაში პირველად მონაწილეობდა. უშიშროების საბჭოს წევრების მონაცემებით, უკრაინაში უკვე 142 ბავშვია დაღუპული, 229 კი დაშავებული. დიპლომატების თქმით, უკრაინის გენერალურ პროკურატურას 5600 საქმის გამოძიება აქვს დაწყებული და რუსებმა პასუხი უნდა აგონ.

დღევანდელ სხდომაზე რუსეთის დელეგაცია კიდევ ერთხელ შეეცადა უშიშროების საბჭოს ტრიბუნიდან დეზინფორმაციის და პროპაგანდის გავრცელებას. ბუჩაში მომხდარ სასტიკ მკვლელობებს და კრამატორსკის სადგურზე თავდასხმას მათ პროვოკაცია უწოდეს.

დღის ამბები