რუსული ჯარის ნაკვალევზე, ბუჩაში ცხედრების ექსჰუმაცია გრძელდება. ოკუპანტების მიერ, ქალაქის ეკლესიის ეზოში გათხრილ საერთო სამარხში კიდევ 30 უცნობი ადამიანის ცხედარს მიაკვლიეს. ეს ფაქტიც უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის საქმეში ახალ მტკიცებულებას წარმოადგენს.
გამომძიებლებმა უკვე გამოჰკითხეს ადგილობრივებიც, რომლებიც მათზე ოკუპანტების ნადირობის ისტორიებს იხსენებენ. ამბობენ რომ ბუჩაში ხალხს იტაცებდნენ და შემდეგ კლავდნენ. მძიმე ისტორიებს ჰყვებიან ბორდიანკაშიც, სადაც დაღუპულთა ზუსტი რიცხვი ამ დრომდე უცნობია. სამაშველო სამსახური დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად მუშაობს, მაგრამ მათ ჯერ ვერ მიაღწიეს დანგრეული შენობების სარდაფებამდე, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები თავს აფარებდნენ. მაშველები არ გამორიცხავენ, რომ სურათი თავშესაფრებში ჩაღწევის შედეგ, შესაძლოა, რადიკალურად შეიცვალოს. მოკლული ადამიანები აღმოაჩინეს კიევის მახლობლად სოფელ ბოზოვაიაშიც. უკრაინული პრესა წერს, რომ საერთო სამარხში 50 მდე ცხედარი იპოვეს.
ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შედეგ, უკრაინული დროშა კიევის შემოგარენში კვლავ ფრიალებს, მაგრამ აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ყველაზე მძიმე მდგომარეობაა მარიუპოლში, სადაც აფეთქებების ხმა არ წყდება. საპორტო ქალაში ათობით ათასი ადამიანია მოკლული- ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეის პარლამენტში ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა.
42 ქვეყნის მიმართვის საფუძველზე, უკრაინაში სამხედრო დანაშაულის საქმეზე გამოძიება ჰააგის ტრიბუნალმა უკვე დაიწყო. მოსარჩელე ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი საქართველოა, რომელმაც ომის დანაშაული საკუთარ თავზე ჯერ კიდევ 2008 წელს გამოცადა. უკრაინის იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ახლა ექსპერტ - კრიმინალისტები მთელი ქვეყნიდან რუსი ოკუპანტების მიერ ბუჩასა და კიევის ოლქში ჩადენილი სისასტიკეზე მტკიცებულებებს აგროვებენ.
მორიგი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა ხარკოვშიც, სადაც "უკრაინ ინფოს" ცნობით, რუსულმა ჯარმა დისტანციურად ჩამოყარა ნელი მოქმედების ნაღმები. საბრძოლო ტექნიკა ქუჩებში ქაოსურად არის მიმოფანტული, ის წამმზომზეა ჩართული და, შესაძლოა, ნებისმიერ დროს აფეთქდეს.