27 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
კითხვები ევროპიდან - დოკუმენტი, რომელმაც კანდიდატის ქვეყნის სტატუსის ბედი უნდა გადაწყვიტოს

საქართველოს ისტორიის ევროპული ფურცელი დღეს ლუქსემბურგში დაიწერა - მაშინ, როცა ასოცირებული ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ევროკომისიის კითხვარი ჩაიბარა. ილია დარჩიაშვილს დოკუმენტი ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ პირადად გადასცა. იყო დაპირებაც ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან, რომ პროცესი სწრაფად წარიმართება. 

წამზომი ამ წუთიდან ჩაირთო. ახლა ევროპელების შეკითხვებზე გაცემული პასუხები განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და იმასაც, გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ისტორიული დოკუმენტის საქართველოსთვის გადაცემის შემდეგ, ევროკომისარსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შორის დახურულ კარს მიღმა პირისპირ შეხვედრა გაიმართა. 

ევროპელ პარტნიორებს აინტერესებთ, რას და როგორ აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ ევროკავშირის კარი გაუღონ. სფეროებიც განსაზღვრულია. საშინაო დავალება ერთთვიანია. სწორედ ამ ვადაში, საქართველომ ევროკომისიას უნდა გაუგზავნოს ინფორმაცია პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე, იმაზეც, თუ რამდენად არის თავსებადი ქართული მართლმსაჯულების სისტემა ევროპულთან. საქართველოს პირველი დიპლომატი აცხადებს, რომ პროცესი ინკლუზიური იქნება და მასში ყველა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი ჩაერთვება. აპირებენ ითანამშრომლონ იმ ქვეყნების ლიდერებთანაც, რომლებმაც თვითშეფასების კითხვარი ცოტა ხნის წინ უკვე შეავსეს. 

ისტორიული დღეა მოლდოვისთვისაც - ევროკავშირი შეფასებას ოფიციალური კიშინიოვისგანაც ელის. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ მალე ევროპული ტრიოს წევრი ქვეყნები ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები გახდებიან. საქართველოსა და მოლდოვას პირველი დიპლომატები ლუქსემბურგში ერთმანეთსაც შეხვდნენ. 

გაფართოვდება თუ არა ევროპული გაერთიანება კიდევ სამი წევრით - ეს ახლა ლიდერების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. არ არის გამორიცხული, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით განხილვა ივნისის ბოლოს დაიწყოს, მაშინ, როცა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართება. იქამდე კი ლუქსემბურგში შეკრებილები ერთხმად უჭერენ მხარს სამი ქვეყნის ევროპულ სწრაფვას. 

შუაგულ ევროპაში დაწყებულმა სისხლისმღვრელმა ომმა ევროკავშირის ასოცირებულ ქვეყნებს ბიძგი მისცა, რომ მათ ევროპული ოჯახის წევრობა დაჩქარებული წესით მოეთხოვათ. შესაბამისი განაცხადი ჯერ საომარ მოქმედებებში მყოფმა უკრაინამ შეავსო, მოგვიანებით კი საქართველომ და მოლდოვამ. ევროკავშირში გაწევრიანება ოფიციალურად 3 მარტს მოითხოვა, დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა.

დღის ამბები