წევრობის კანდიდატის სტატუსი ევროკავშირამდე მისასვლელ გზაზე პირველი ეტაპია და არავინ იცის, რამდენი წლით გაიწელება გაწევრიანების პროცესი. არიან ქვეყნები, რომლებიც 10 წელზე მეტია ელოდებიან ევროკავშირში შესვლას, თუმცა მათ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდეც უფრო გრძელი გზა გაიარეს. მაგალითად, სერბეთი, რომელმაც განაცხადი 2009 წელს გააკეთა, სტატუსი კი მხოლოდ 2012- ში მიენიჭა.
უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას შემთხვევაში კი ეს დრო ევროკავშირმა 3 თვემდე შეამცირა.
რა არის კითხვარი? ეს არის დოკუმენტი, რომლის შევსების შემდეგაც ევროკომისია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განმცხადებელი ქვეყნის მზადყოფნას აფასებს.
რა მოცულობისაა საქართველოსთვის გადმოცემული დოკუმენტი და რა შინაარსის კითხვებია - როგორც წესი, ბრიუსელიდან დაგზავნილი კითხვები მარტივიც არის და რთულიც, ხოლო მათი რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ სახელმწიფოზე. მაგალითისთვის, ხორვატიას ევროკავშირმა თავის დროზე 4 560 კითხვა გაუგზავნა. დაახლოებით იმავე მოცულობის იყო ჩრდილოეთ მაკედონიის კითხვარი, რასაც ვერ ვიტყვით მონტენეგროსა და სერბეთზე, რომლებსაც მხოლოდ 2 400-მდე კითხვა მიუვიდათ.
ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ოფიციალურ განაცხადს, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პასუხი პარტნიორებისგან დღეს კონკრეტული ნაბიჯით გაეცა. ურთიერთობა კი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ახალ ეტაპზე გადავიდა. დაჩქარებული წესით გაგზავნილი განაცხადის მსგავსად მთავრობის მეთაურისთვის მნიშვნელოვანია სტატუსის მისაღებად განკუთვნილი კითხვარიც ადრესატებს სწრაფად დაუბრუნდეს. თბილისში შევსებულ დოკუმენტს ბრიუსელში ელოდებიან.
საკმაოდ ვრცელი მოცულობის დოკუმენტი, როგორც წესი, სამ ნაწილად არის დაყოფილი. კითხვარის მიხედვით, უნდა შეფასდეს, რამდენად აკმაყოფილებს ქვეყანა პოლიტიკურ, სამართლებრივ თუ ეკონომიკური მიმართულებით ევროკავშირის სტანდარტებს. ახალი შესაძლებლობა რომ ქვეყნის ინტერესების სასიკეთოდ უნდა გამოიყენონ, ოპოზიციას მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ შეახსენა.
როგორ შეასრულებს ქვეყანა აღებულ ვალდებულებას და სად ხედავენ ხელისუფლების ოპონენტები მათ როლს ამ პროცესში. ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას მმართველ ძალას აკისრებს, თვითონ კი ზედამხედველობის და კონტროლის მექანიზმის გაძლიერებას გეგმავენ. ოპოზიციის ნაწილისთვის მნიშვნელოვანია ისიც, თუ ვისთან ერთად მიიღო ქვეყანამ კითხვარი.
კითხვარის შევსებას საქართველოსთვის ევროპასთან ინტეგრაციის მორიგ საფეხურად თვლიან "ქართულ ოცნებაში" და კრიტიკოსებს ურჩევენ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ დღეს დაწყებულ პროცესს. სახელისუფლებო გუნდში ოპონენტებს განუმარტეს, რომ დოკუმენტის მომზადება ფორმალობა არ არის და სწორედ მასზეა დამოკიდებული ქვეყნის ევროპული პერსპექტივა.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში წინ გადადგმულ ნაბიჯთან ერთად, პრეზიდენტი თვლის, რომ დღეს მიღებული დოკუმენტი უდიდესი პასუხისმგებლობაა და ახლა ყველაფერი მხოლოდ საქართველოზეა დამოკიდებული. პოლიტიკური სპექტრისთვის კი სალომე ზურაბიშვილის აზრით, ორიენტირი ქვეყნის ეროვნული ინტერესი უნდა იყოს.
კითხვარზე გაცემულმა პასუხებმა უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსს, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი ქვეყანა კიდევ უფრო ახალ საფეხურზე გადავა და უნდა დაიწყოს მოლაპარაკება ბლოკის წევრობაზე. ევროკავშირში გაწევრიანება, თავისთავად, კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესია. კანდიდატის სტატუსის მიღება არ გულისხმობს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის უფლებას ავტომატურად მოიპოვებს. წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ევროკავშირის 27 წევრმა ერთხმად უნდა თქვას, გახდება თუ არა კანდიდატი ქვეყანა კავშირის წევრი. პროცედურა კი ყველა სახელმწიფოს შემთხვევაში ინდივიდუალურია.