საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა. საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს კითხვარი, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პირადად გადასცა.
ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. ამის შემდგომ პროცესი საქართველოში გაგრძელდება, სხვადასხვა სტრუქტურამ ერთად უნდა იმუშაოს და პასუხი გასცეს კითხვებს, რის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს მოსაზრებას და გადასცემს ევროკავშირის უმაღლეს ორგანოს, ევროპულ საბჭოს. სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები სამიტზე განიხილავენ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. კითხვარის ძირითადი საკითხებია პოლიტიკა, სამართალი და ეკონომიკა.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოლდოვასა და საქართველოსთვის კითხვარის გადაცემას, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს:
"მოლდოვასა და საქართველოსთვის კითხვარის გადაცემა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადმული ნაბიჯია. რუმინეთი, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ დავრხმარებით, რათა ეს პროცესი ხარვეზების გარეშე წარიმართოს. მნიშვნელოვანია, კითხვებს პასუხი მალე გაეცეს, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, თუ რა არის ამ პროცესის საბოლოო ვადა, რადგან როგორც ჩვენ საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, ეს არის პროცესი, რომელიც საფუძვლიან პროგრესსა და მუშაობას მოითხოვს ამ საკითხებზე. რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს სამი ქვეყნის ევროკავშირში მიღებას და ძალიან მოხარული ვარ, რომ მოლდოვა და საქართველო კითხვარს მიიღებენ,"- აცხადებს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კი, ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, ურჩევს კოპენჰაგენის კრიტერიუმები შეასრულონ:
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტიური პარტნიორობა გვქონდეს დემოკრატიულ ევროპულ ქვეყნებთან. 1993 წელს, ჩვენ დავამტკიცეთ კოპენჰაგენის კრიტერიუმები და ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორ, მეზობელ ქვეყნებს, რათა შეასრულონ ეს კრიტერიუმები. ვიმუშავებთ მაქსიმალურად, რომ მათი ევროპული ოცნება განხორციელდეს. დანია ბევრს აკეთებს ისეთი ქვეყნების მიზნებისთვის, როგორიც არის საქართველო და მოლდოვა, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. ჩვენ გვსურს, უზრუნველვყოთ, რომ ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა ეკუთვნოდეს ევროპის ქვეყნებს და დემოკრატიებს. ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ თუ გსურს გახდე კანდიდატი ქვეყანა, უნდა შეასრულოთ კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რაც ნიშნავს, რომ თქვენ უნდა შეისწავლოთ თქვენი დემოკრატიის, თქვენი კანონის უზენაესობის სისტემის, კორუფციის, ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკის ფუნქციონირების ყველა ასპექტი. ყველაფერი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,"- აღნიშნავს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი.
რაც შეეხება ნიდერლანდებს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს:
"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ იმ გეოპოლიტიკური რეალობის შესაბამისად ვმოქმედებთ, რომელიც დღეს არსებობს. კომისია შესაბამის წინადადებებს წარადგენს და ნიდერლანდები მათ განხილვაში აქტიურად იქნება ჩართული,"- აცხადებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ვოფკე ჰოეკსტრა.