ევროპარლამენტის დელეგაცია ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია, რეფორმები, რუსული საფრთხეები და უკრაინაში მიმდინარე ომია.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აკრიტიკებენ მმართველ გუნდს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება არ ატარებს იმ რეფორმებს, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით და მაგალითისთვის ოპოზიცია მართლმსაჯულების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.
გარდა ამისა, როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, ევროპარლამენტარებს კითხვები ჰქონდათ საქართველოს მთავრობის პოზიციასთან დაკავშირებით უკრაინასთან მიმართებაში. ასევე ოპონენტებმა ისიც აღნიშნეს, რომ ეს შეხვედრა გამოიყენეს ევროპარლამენტარებისთვის იმ პრობლემების შესახებ საუბრისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მმართველობაში არსებობს.
"რეფორმების განხორციელება განსაკუთრებით სასამართლოსთან მიმართებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოში გვაქვს პოლიტიკური მართლმსაჯულება, სწორედ პოლარიზაციის მაღალი ხარისხს განაპირობებს ისიც, რომ ხელისუფლება არავითარ თანამშრომლობაზე არ მოდის ოპოზიციასთან, მათ შორის პარლამენტის შიგნით,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.
"გავამახვილეთ ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ორი ძირითადი საკითხი იყო განხილული: ომი უკრაინაში, ომი ცივილიზირებული სამყაროს წინააღმდეგ და საქართველოს მკაფიო პოზიციონირება.
ასევე საუბარი შეეხო სასამართლო რეფორმა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მიმართულებითაც ეს ხელისუფლება ნაბიჯებს არ გადადგამს თუ არ იქნება სერიოზული საერთაშორისო რეფორმა,"-აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
თბილისში, ოფიციალური შეხვედრები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.