უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეის პარლამენტს მიმართა. ზელენსკის განცხადებით, იმისთვის, რომ რუსეთი შეჩერდეს, აუცილებელია მთლიანად გაწყდეს გლობალურ-ფინანსურ სისტემასთან რუსული ბანკების კავშირი.
"ჩვენი ტერიტორიის ზოგიერთ ნაწილში საომარი მოქმედებები გრძელდება. ყველაზე ცუდი სიტუაცია მარიუპოლშია. მარიუპოლი განადგურებულია, ათობით ათასი ადამიანი გარდაცვლილია, მაგრამ ამის მიუხედავად, რუსები არ აჩერებენ თავდასხმას. რუსეთი უკრაინაზე ახალი შეტევისთვის ემზადება, შემოჰყავს დამატებითი ჯარები და სამხედრო ტექნიკის კოლოსალური რაოდენობა.
რუსეთი ღიად აშანტაჟებს მსოფლიოს ბირთვული და ქიმიური იარაღით, მაგრამ სტრატეგიულად აუცილებელია ხალხის დაცვა აქ და ახლავე, რათა დავიცვათ ისინი, ვისაც რუსული არმია პირდაპირ ემუქრება.
47 დღის განმავლობაში ჩვენ პრაქტიკულად მთელი რუსული არმიისგან ვიცავდით თავს. ჩვენმა ომის საწინააღმდეგო კოალიციამ, რომელიც შეიქმნა რუსეთის ამ სასტიკი შემოჭრის დაწყების შემდეგ, უკვე გამოიყენა მის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. რუსეთი ჯერ არ გრძნობს, რომ უნდა გაჩერდეს. ეს ნიშნავს, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო და არა მხოლოდ სახელმწიფო დონეზე, აუცილებელია მთლიანად გაწყდეს გლობალურ-ფინანსურ სისტემასთან რუსული ბანკების კავშირი," - განაცხადა ზელენსკიმ.