27 ნოემბერი 2024,   17:58
ვრცლად
მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის წევრები უკრაინაში ჩასასვლელად მზად არიან - რა შემთხვევაში უხელმძღვანელებს დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში ჩასასვლელად მზად არიან. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის საკითხს, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ამისთვის გარკვეული წინაპირობები არსებობს:

"საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის დღესვე, ხვალვე, როცა საჭირო იქნება, როცა პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი და ფიზიკურად დალაგდება წასვლის თემა, შეგვიძლია, საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან რამდენიმე ადამიანი წავიდეს უკრაინაში და გამოთქვას დამატებით კიდევ ერთხელ.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს, მოგეხსენებათ, რომ დამატებითი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია და მან რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც მოტანილ არც ერთ საკითხთან, კითხვასთან, თხოვნასთან, თუნდაც მოთხოვნასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. თუ ყველა ჩვენ ობიექტურად დავრწმუნდებით და მივიღებთ რეალურ პასუხს, შეურაცხყოფაზე პასუხს მივიღებთ, ელემენტარულად ამ შეურაცხყოფის უკან წაღებულ ერთ სიტყვას მაინც მივიღებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის და მისი განცხადებიდან და პათოსიდან ეს ჩანდა, რომ ამ დელეგაციას ჩაუდგეს სათავეში," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში, კერძოდ რუსული აგრესიის შედეგად განადგურებულ ქალაქ ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება პარტია მოქალაქეების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა გააკეთა. მისი თქმით, ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობა არსებობს ოპოზიციაში და იმედი გამოთქვა, რომ დელეგაციას უმრავლესობის წევრებიც შეუერთდებიან.

დღის ამბები