კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ლონდონი უკრაინას 120 ჯავშანმანქანას და ახალ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს მიაწვდის. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გარდა ამისა, ბრიტანეთი უკრაინას სავალუტო ფონდის მეშვეობით დამატებით 500 მილიონი დოლარის სესხის გარანტიებს გადასცემს. ასევე მოსალოდნელია, რომ ბრიტანეთი უკრაინის სამხედრო დახმარებას კიდევ 100 მილიონი დოლარით გაზრდის და ეს მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაჰაერო რაკეტებს, ასევე "კამიკაძეს დრონებს".
ზელენსკისთან შეხვედრისას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ "უკრაინამ, ყოველგვარი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, უკან დაახევინა რუსულ ჯარებს კიევიდან და 21-ე საუკუნის უდიდეს სამხედრო წარმატებას მიაღწია".
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი არის რუსული აგრესიის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე და უკრაინის თავდაცვის მხარდამჭერი. უკრაინის ლიდერის შეფასებით, ბორის ჯონსონის ვიზიტი იყო უფრო მეტი, ვიდრე ნაყოფიერი შეხვედრა:
"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ რუსეთზე და ვაიძულოთ მას მშვიდობა. მადლობა ეფექტური სანქციებისთვის, უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. დასავლურმა დემოკრატიებმა დიდი ბრიტანეთის მაგალითს უნდა მიბაძონ. ვიმედოვნებთ, რომ ლონდონი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.