"კურიერი" დღეს ჩერნიგოვში შევიდა. კიევის ჩრდილოეთით, დედაქალაქიდან 150 კილომეტრში რუსებმა მორიგი სასაკლაო მოაწყვეს. უმოწყალოდ დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრების ამოცნობა ამ დრომდე მიმდინარეობს. ოკუპანტებმა ჩერნიგოვის ტაძარი შტაბბინად აქციეს, ქუჩები და საცხოვრებელი სახლები კი მიწასთან გაასწორეს, აგრესორის კვალი უცვლელია. მორგები გადავსებულია, საავადმყოფო კი ნაწამებ და დასახიჩრებულ მოქალაქეებს ვეღარ აუდის.
ჩერნიგოვის ოლქში, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, რუსი სამხედროები მორიგ ჯერზე უმოწყალოდ გაუსწორდნენ ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს.
ხალხს აგრესიისგან თავის დასაცავად მხოლოდ ორი საშუალება ჰქონდა - განუსაზღვრელი დროით დამალვა, და შემდეგ შესაფერისი მომენტის მოძებნა გაქცევისთვის. უწყვეტი შეტევების დროს ისიც გართულებული იყო, რომ ერთმანეთი მოეძებნათ და დახმარებოდნენ. ყველა რჩებოდა იქ, სადაც მშვიდობის ბოლო წუთებში აღმოჩნდა და იქ, სადაც ბომბების და ტყვიების წვიმის დროს თავის შესაფარებლად მეტნაკლებად მყარი კედლები იყო შემორჩენილი.
რამდენად დიდი იყო საფრთხე და რატომ არ დარჩა აქ მცხოვრებთა უმრავლესობის სახლებს ჭერი - ამ კითხვებს ყველაზე ზუსტად რუსული რაკეტების ჩამოვარდნის ადგილებზე დარჩენილი ორმოები პასუხობს. აქ მომხდარი აფეთქებების შემდეგ ათეულობით მეტრის რადიუსში ყველა და ყველაფერი ნადგურდებოდა.
ქალაქის ცენტრში თავდასხმის დროს მინიმუმ 50 ადამიანი ადამიანია მოკლული. ეს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მათმა ახლობლებმა დაადასტურეს. ნაწილს სარდაფებში და ნანგრევებში ჯერ კიდევ ეძებენ. ჩერნიგოვის მერი "კურიერთან" დაბომბვის დღეს იხსენებს და სამხედრო დანაშაულზე საუბრობს.
"როდესაც მფრინავი ამ მიკრორაიონს ბომბავდა, ის საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე იყო, იმდენად, რომ მას ჩვენ ვხედავდით. უღრუბლო ცა იყო, ყველაფერი კარგად ჩანდა, შეეძლო მაღაზიების დასახელებებიც კი წაეკითხა. კარგად იცოდა, რომ ბომბებს სამოქალაქო ობიექტების თავზე ყრიდა. აი აქ მაგალითად აფთიაქი იყო, იქ მაღაზია, აქ საცხოვრებელი კორპუსი. რუსეთის არმია ტერორისტული ორგანიზაციაა, მათ უმძიმესი სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს," - აცხადებს ჩერნიგოვის მერი.
ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობდა, ახლა უკრაინის სხვა ქალაქებში ან საზღვარგარეთ დროებით თავშესაფრებში ან ჰუმანიტარული დახმარების და საკვების რიგშია. მათი ნასახლარები ცივი, თითქმის სრულად დანგრეული და საცხოვრებლად უვარგისია. რუსეთის აგრესიის შედეგად ერთადერთი, რაც იქ უცვლელი დარჩა, არის დრო - 13:26 წუთი, მომენტი, როდესაც სახლებს რუსული ჭურვები დაეცა.