27 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
9 აპრილი, როგორც ქვეყნის თავისუფლების სიმბოლო - დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიაგეს

რუსთაველის გამზირზე თითქმის ყველა ის სიმბოლო თუ ადამიანი შეიკრიბა, რომელიც 9 აპრილთან უკვე 33 წელია ასოცირდება. ხელში ყველას წითელი ტიტები ეჭირა, გმირების პატივსაცემად.

21 დაღუპული ამ დღის ტრაგიკული შედეგია, ძირითადად იყვნენ ქალები, ახალგაზრდები, მათ შორის ბავშვებიც. დამოუკიდებლობისთვის საბჭოთა რუსულმა არმიამ სასტიკი მეთოდებით - მომწამვლელი გაზით, ნიჩბებით, ჯავშანტექნიკით ათიათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი დაარბია. სისხლიან მოვლენებს ასობით დაშავებული ჰყავდა. 9 აპრილის მემორიალთან დღეს ყველა ამ ადამიანების გამბედაობასა და დამსახურებას იხსენებდა.

პარლამენტთან დღის პირველ ნახევარში მივიდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. მთავრობის მეთაურმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს, თუმცა 9 აპრილის მნიშვნელობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა სოციალური ქსელით გაავრცელა.

ძნელად მოპოვებულის შენარჩუნებაც რომ არანაკლებად ძნელია, ამაზე საუბრობდნენ დღეს მემორიალთან მისული მმართველი გუნდის ლიდერები.

აპრილის სულისკვეთებაზეც და უკრაინაში მიმდინარე პროცესებზეც ამახვილებდნენ ყურადღებას დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებიც. აქცენტს აკეთებდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შენარჩუნებისთვის ძალების ერთიანობის მნიშვნელობაზე.

ბრძოლის იდეასა და გმირების ღვაწლზე ისაუბრა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა 33 წლის წინანდელ მოვლენებსა და უკრაინაში მიმდინარე ომს შორის გაავლო პარალელი.

გმირების პატივმსაცემად პარლამენტთან იმყოფებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებიც, მათ შორის გერმანიის, თურქეთის და ამერიკის ელჩები. სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნაზე შეერთებული შტატების საელჩომ განცხადება გაავრცელა. მასში ვკითხულობთ, რომ "საქართველოს კარგად ახსოვს ოკუპაციის ისტორია რუსეთთან, რომ ქვეყანას თავისი წილი კოშმარი უკვე გამოვლილი აქვს.

9 აპრილს უახლეს ისტორიაში 2 მნიშვნელობა აქვს. ერთის მხრივ ტრაგიკული, რასაც 1989 წლის მოვლენები განაპირობებს, მეორეს მხრივ კი ეს თარიღი დამოუკიდებლობის აღდგენას აღნიშნავს. სწორედ 1991 წლის 9 აპრილს მიიღო საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი, რასაც წინ 31 მარტის რეფერენდუმი უძღოდა.

დღის ამბები