ოკუპანტების იერიშმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლა. გათავისუფლებულ ტერიტორიებზე კი რუსული არმიის სისასტიკის კვალი კვლავ რჩება. კიევის ოლქის დაბა მაკაროვში 132 დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. ამას ადასტურებს დაბის ხელმძღვანელი, ვადიმ ტოკარიც. მისივე თქმით, მაკაროვში საცხოვრებელი სახლების 40% აღდგენას არ ექვემდებარება. რამდენიმე ასეულ დანაშაულზე საუბრობს უკრაინის გენერალური პროკურორი.
5 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაზე საუბრობს უკრაინის გენერალური პროკურატურა ავდეევკაში. მათგან 4 - საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ერთი ოჯახის წევრია.
სარაკეტო იერიში მიიტანეს მირგოროდის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. განადგურებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი - მძიმედ დაშავდა 2 მშვიდობიანი.
გვიან ღამით განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკი კრამატორსკის დაბომბვის გამო პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.
კრამატორსკში, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში რუსულ კვალს ხედავენ პენტაგონში. რაც შეეხება ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს, აქ ყველა ბრალდებას უარყოფენ. ამბობენ, რომ იერიშზე უკრაინის მთავრობაა პასუხისმგებელი.
უკრაინის გენშტაბში ოკუპანტების ცინიკური ბრალდებები არ აკვირვებთ. სამხედრო ხელმძღვანელობაში იმ ფაქტს უსვამენ ხაზს, რომ რუსეთი გადაჯგუფების პროცესშია და აღმოსავლეთ ნაწილში ფართომასშტაბიან იერიშს გეგმავს.
სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე, ოკუპანტების თავდასხმას უკრაინაში 176 ბავშვი შეეწირა. 324 სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ათეულობით მოზარდმა დაკარგა კიდურები.