ევროკავშირში ინტეგრაციის ახალი ეტაპი. სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი "ტვიტერში" წერს, რომ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს მომდევნო კვირას, 11 აპრილს გადასცემს. უკრაინის შემდეგ ევროკავშირის კითხვების პასუხს საქართველო მოამზადებს.
"პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, რომ მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განაცხადების შესახებ, როგორც ამას ითხოვს ევროკავშირის საბჭო," - აცხადებს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.
ევროკომისარს მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ:
"მადლობა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, ჩვენ მოუთმენლად ველით ამ გადამწყვეტ დღეს და მზად ვართ სწრაფად ჩავერთოთ ამ პროცესში ხალისითა და მონდომებით," - ნათქვამია შალვა პაპუაშვილის მიერ ტვიტერზე გავრცელებულ მიმართვაში.
პროცესებთან დაკავშირებით კომენტარები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ინკლუზიურობა მნიშვნელოვანია და პროცესში უნდა იყოს ჩართული როგორც ხელისუფლება და ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო სექტორიც.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადადის:
"ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის მიღებით საქართველო გადადის ევროკავშირთან ურთიერთობის კიდევ ახალ ეტაპზე, რომლითაც ერთგვარად შევაფასებთ იმ პროგრესს, რასაც უკვე მიაღწია საქართველომ ამ პროცესში. 2014 წლიდან საქართველო ასრულებს ასოცირების შეთანხმებას. ძალიან ბევრი წარმატებული რეფორმა უკვე გატარდა, რაც ძალიან კარგ საფუძველს გვაძლევს იმისთვის, რომ ველოდოთ პოზიტიურ, დადებით გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან, რომელიც იქნება უკვე ჩვენს კითხვარზე დაფუძნებული," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.