სარეიტინგო სააგენტო S&P-მა რუსეთის რეიტინგი უცხოურ ვალუტაში CC/C-დან SD/SD-მდე შეამცირა, რაც შერჩევით დეფოლტს ნიშნავს.
აღნიშნულია, რომ რეიტინგი ეროვნულ ვალუტაში რჩება CC/C დონეზე უარყოფითი პერსპექტივით.
Standard & Poor’s-ის საერთაშორისო რეიტინგებში გამოიყოფა AAA, AA და A, BBB, BB და B, CCC, CC და С, SD და D კატეგორიები.
AAA არის ყველაზე მაღალი რეიტინგი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა აღებულ ფინანსურ დავალიანებას დროულად და სრულად ფარავს.
BBB ფინანსური დავალიანების დროულად და სრულად დაფარვის საკმარის შესაძლებლობას გულისხმობს. თუმცა მას ახასიათებს კომერციული, ფინანსური და ეკონომიკური მიმართულებით არახელსაყრელი ცვლილებების მიმართ მაღალი მგრძნობელობა.
CCC - მოცემული მომენტისთვის არსებობს პოტენციური ალბათობა, რომ ქვეყანა ფინანსურ ვალდებულებას ვერ დაფარავს და ეს მნიშვნელოვანწილად ხელსაყრელ კომერციულ, ფინანსურ და ეკონომიკურ პირობებზე არის დამოკიდებული.
SD კატეგორია გულისხმობს შერჩევით დეფოლტს მოცემული ფინანსური ვალდებულებისადმი, თუმცა სხვა ვალების დაფარვა გრძელდება.
D კატეგორია არის სრული დეფოლტი, რაც ფინანსური ვალდებულებების ვერდაფარვას გულისხმობს.