უკრაინაში დაობლებული ბავშვების შვილად აყვანის სურვილი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა, მათ შორის საქართველოშიც. ოფიციალური სტატისტიკა, რამდენი ბავშვი დარჩა მშობლების გარეშე, არ არსებობს. ომის შედეგად დაობლებული ბავშვების ბაზის შექმნა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ მოხერხდება. როგორია უკრაინული კანონმდებლობა ამ მიმართულებით და რა ბედი ელით ამ ბავშვებს.
უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანა ამ მომენტში შეუძლებელია. ომის გამო უკრაინამ გაშვილების პროცესი დროებით შეაჩერა. დიდი ალბათობით პაუზა გაგრძელდება მანამ, სანამ ომი ოფიციალურად არ დამთავრდება და არ დადგინდება, კონკრეტული ბავშვი დარჩა თუ არა მეურვის გარეშე.
უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს მონაცემებით, ომამდე ქვეყანაში ობოლი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვების რაოდენობა იყო 69 ათასი. საიტზე ახლაც დევს გასაშვილებელი ბავშვების პორტფოლიოები, მაგრამ პროცესი შეჩერებულია. გასაშვილებელი ბავშვების უმრავლესობა უკრაინაშიც, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში არის სპეციალური შესაძლებლობების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ან არა ჩვილი. შვილად აყვანის მსურველები კი როგორც წესი განაცხადში წერენ პატარა ასაკს.
ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში ობლად დარჩენილი ბავშვების შვილად აყვანის მსურველი 15 ათასამდე მოქალაქე დარეგისტრირდა. მაგრამ როდიდან დაკმაყოფილდება მათი განაცხადები, ჯერ არაპროგნოზირებადია.
ჯერჯერობით, არავინ იცის, უკრაინის რამდენი მოქალაქე დაიღუპა ომის პერიოდში და რამდენი ბავშვი დარჩა რეალურად ობლად. ომის შედეგად დაობლებული ბავშვების ბაზის შექმნა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ მოხერხდება. ამის მერე უნდა გაირკვეს, ჰყავს თუ არა ბავშვს ნათესავები, რომლებსაც მისი შვილად აყვანის სურვილი ექნებათ. რიგი პროცედურების გავლის შემდეგ კი გადაწყდება, შეიძლება თუ არა კონკრეტული ბავშვის გაშვილება,როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ბავშვთა სახლებიდან ბენეფიციარების ევაკუაცია დაიწყეს. 28 თებერვალს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დაადგინა, რომ ბავშვები უკრაინიდან ჯგუფებად უნდა გავიდნენ. მინიმუმ ერთი თანმხლები 15 ბავშვზე, ხოლო თუ ბავშვები განსაკუთრებული საჭიროებების მქონეები არიან - ერთი თანხმლები ოთხ ბავშვზე. ეს რაც შეეხება ოფიციალურ ბენეფიციარებს, თუმცა არიან ჯერჯერობით უსტატუსო პატარები, მათ ვისაც ომში დაეღუპა ან უგზო-უკლოდ დაეკარგა მშობლები. ყველა ამ ბავშვის გაშვილება ოფიციალურად შეუძლებელია, მაგრამ ამ ეტაპზე შესაძლებელია მათი დროებით მინდობით აღზრდაში გადაცემა. რა დროსაც მიმღები ოჯახი უზრუნველყოფს ბავშვის როგორც მატერიალურ, ისე ფსიქოლოგიურ და მორალურ საჭიროებებს. სახელმწიფო კი განახორციელებს მონიტორინგს. საბოლოოდ ამ ბავშვების ბედი კი ომის დასრულების შემდეგ გადაწყდება. ობლად დარჩენილი ბავშვების ნაწილი გაჰყავთ პოლონეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ნაწილი კი ქვეყანაშივე რჩება შედარებით უსაფრთხო ადგილებში მაგალითად ლვოვში. ძირითადად სახელდახელოდ მოწყობილ საერთო საცხოვრებლებში.
ომი დაწყების პირველივე დღეებიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია ბავშვთა სახლებზე რუსული სამხედრო იერიშების შესახებ, ასეთი შეტევები არც უმსხვერპლოდ დასრულებულა და მით უფრო დაშავებულების გარეშე. ბავშვები სხვადასხვა დაზიანებებით უსაფრთხო ტერიტორიებზე კლინიკებში გადაიყვანეს. დაშავებულები არიან ომს გამოქცეული ისეთი პატარებიც რომლებმაც მშობლები მშვიდობამდე გზაში დაკარგეს. ვრცელდება კადრებიც ასეთი ბავშვების, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ითხოვენ დედებს და მამებს, ან სულაც ბებიებს ან ვინმეს ნაცნობს, მაგრამ მათთვის ყველაზე ახლობლები ახლა მედპერსონალია და როდის დაუბრუნდებიან უსაფრთხო ოჯახურ გარემოს არავინ იცის.
თითოეული ამ ბავშვის ისტორია კი ცალკე აღებული ტრაგიკული ამბავია - ვინ სად და რა ვითარებაში დაკარგა მშობელი.