27 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
რა არის ლენდ ლიზის პროგრამა და როგორ დაეხმარება ის უკრაინას, მიიღოს აშშ-სგან იარაღი ბიუროკრატიული შეზღუდვების გარეშე

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნა მიღებული - 81 წლის შემდეგ სენატმა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პროგრამა ლენდ ლიზი აღადგინა, რომელიც პრეზიდენტს უფლებას აძლევს ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშე მიაწოდოს შეიარაღება უკრაინას. საკანონმდებლო აქტი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის დამარცხება დააჩქარა, თეთრ სახლს საშუალებას მისცემს, რომ უმოკლეს ვადაში მოამარაგოს კიევი საჭიროა საბრძოლო მასალით, მათ შორის, ლეტალური იარაღით. ლენდ ლიზის დოკუმენტს ახლა მხოლოდ ზედა პალატის თანხმობა და პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება.

1941 წელს პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის სიტყვამ და შესაბამისმა გადაწყვეტილებამ მეორე მსოფლიო ომის ბედი მნიშვნელოვნად განსაზღვრა. პრეზიდენტის სიტყვა ეხებოდა ლენდ ლიზის პროგრამის დაწყებას, რაც თავის თავში ბრიტანეთისთვის, საბჭოთა კავშირისთვის და სხვა მოკავშირეებისთვის გამარტივებული წესით, დიდი ოდენობით სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას გულისხმობდა. პირობა იყო ასეთი - მოკავშირეები მიღებულ ტექნიკას, რომელიც ომს გადაურჩებოდა, გამარჯვების შემდეგ უკან დააბრუნებდნენ, მანამდე კი მას სრულიად უსასყიდლოდ, დაუყოვნებლივ მიიღებდნენ.

ამ ისტორიული მოვლენიდან 81 წლის შემდეგ ამერიკაში ლენდ ლიზის პროგრამაზე კიდევ ერთხელ დაიწყო მუშაობა, ამჯერად, რუსული ფაშიზმის წინააღმდეგ. უახლოეს დღეებში, შესაძლოა, აშშ-მ რუსეთის აგრესიისგან დასაცავად უკრაინისთვის უფრო მეტი შეიარაღების მიწოდების პროგრამა დაიწყოს, სწორედ ისეთივე პირობით, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა; პრეზიდენტ ბაიდენს კი ექნება შესაძლებლობა თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ პრეზიდენტ რუზველტის როლი შეასრულოს.

აშშ-ს სენატმა უკრაინის დემოკრატიის დასაცავად ლენდ ლიზის პროექტს გუშინ მხარი ერთხმად დაუჭირა. თუ დოკუმენტს ზედა პალატაც დაამტკიცებს, ის ხელმოსაწერად უკვე პრეზიდენტს გადაეგზავნება. სენატის მხარდაჭერა უკრაინული მხარისთვის იმედისმიმცემია.

რაც შეიძლება მეტი იარაღის მიღება მოკავშირეებისგან - უკრაინის ყველა ხელისუფალი ყოველდღიურად იმეორებს რომ ეს ახლა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთავარი პრობლემა არის დრო, რადგან უკრაინის ქალაქებში მშვიდობიან მოსახლეობას ყოველდღე ესვრიან. ამერიკისგან და სხვა პარტნიორებისგან თავდაცვით იარაღს და აღჭურვილობას უკრაინა გარკვეული რაოდენობით ომის დაწყების დღიდან იღებს, თუმცა, ეს რაოდენობის და იარაღის კატეგორიების შეზღუდვასთან ერთად დროში განსაზღვრულ ბიუროკრატიულ ბარიერებსაც მოიცავს. ლენდ ლიზის პროგრამამ, პირველ რიგში, სწორედ ეს ბარიერები უნდა გააქროს.

დღის ამბები