"დიდი შვიდეული" მზად არის, პრეზიდენტი პუტინი პასუხისგებაში მისცეს და უზრუნველყოს, უკრაინაში რუსეთის სტრატეგიული მარცხი,"- ეს ტექსტი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა დღეს ტვიტერზე გამოაქვეყნა. მანამდე მედიაში წინასწარ გავრცელდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვა, სადაც ლიზ ტრასი აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა დასრულებულია.
დასავლეთი მიხვდა, რომ მას ევროპის უსაფრთხოების საკითხზე ახალი მიდგომა სჭირდება. ნატომ სწრაფად უნდა შეაიარაღოს უკრაინა და დაფიქრდეს სხვა ევროპული სახელმწიფოების მხარდაჭერაზე. სხვა ქვეყნებში კი ალიანსის არა წევრი ქვეყნები: საქართველო, მოლდოვა, ფინეთი და შვედეთი იგულისხმება.
საქართველო დღეს რამდენჯერმე ახსენეს ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, სადაც გენერალურმა მდივანმა ღიად განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება. იენს სტოლტენბერგმა ახსენა ივნისში დაგეგმილი ალიანსის მადრიდის სამიტიც, სადაც რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით, შესაძლოა საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა განიხილონ. ბრიუსელში დღეს კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მსოფლიო უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის უნდა მოემზადოს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ რუსეთის დასამარცხებლად ახლა ერთადერთი გზა უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდებაა. კიევიდან ბრიუსელში ჩასულმა დიპლომატმა პარტნიორებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ უკრაინა საკუთართან ერთად, ევროპის უსაფრთხოებასაც იცავს.
ნატო საომარ მოქმედებებში არ ჩაერთვება, თუმცა ალიანსს პარტნიორებთან ერთად შეუძლია ბერკეტების გამოყენება, რუსეთის აგრესიული რეჟიმის შესაჩერებლად - ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრები უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდებასა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრებაზე ამახვილებენ ყურადღებას.
ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად , მინისტერიალში ალიანსის არაწევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიც მონაწილეობდნენ. მათ შორის საქართველოდან ილია დარჩიაშვილი. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს ალიანსის წევრებმა დღეს უთხრეს, რომ რუსული საფრთხეების გასანეიტრალებლად ნატო -საქართველოს მჭიდრო კავშირი მომავალშიც შენარჩუნდება.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მადრიდში, ივნისის ბოლოს სამიტისთვის ემზადება. 2022 წლის ზაფხულის სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნები სტრატეგიულ კონცეფციას შეიმუშავებენ.