27 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
პუტინის შვილები, რომლებსაც მამის გვარი არ აქვთ, უკვე სანქციების ქვეშ არიან - გაიზიარებს თუ არა იმავე ბედს პუტინის მეგობარი ქალი

36 წლის მარია ვორონცოვა, ვლადიმირ პუტინის უფროსი ქალიშვილი პროფესიით ბავშვთა ენდოკრინოლოგია და სანკტ-პეტერბურგის მახლობლად სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობს. მას უკრაინელი ბავშვების მკვლელობები არ შეუმჩნევია, თუმცა თავად ვორონცოვა შეამჩნია ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა. ვაშინგტონმა მას ყველა აქტივი გაუყინა.

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ვლადიმირ პუტინის მეორე ქალიშვილსაც. კატერინა ტიხონოვა, ამჟამად, ერთ-ერთ ტექნოლოგიურ კომპანიას ხელმძღვანელობს და ძვირადღირებული კონტრაქტები აქვს გაფორმებული რუსეთის მთავრობასთან და უშუალოდ, თავდაცვის სამინისტროსთან.

პუტინის არცერთი ქალიშვილი, ოფიციალურად, მამის გვარს არ ატარებს. ცდილობენ, საკუთარი საქმიანობა საჯარო არ გახდეს, თუმცა უკრაინაში შეჭრის შემდეგ მსოფლიო მედიაში მათ მიმართ ინტერესი გაორმაგდა.

საიდუმლო ცხოვრებას არჩევს ვლადიმირ პუტინის მეგობარი ქალი, ალინა კაბაევაც. ცნობილი ტანმოვარჯიშე და ოლიმპიური ჩემპიონი უკვე წლებია, შვეიცარიის მდიდრულ აგარაკზე ,არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს. ოფიციალურად არავინ ადასტურებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინს და ალინა კაბაევას ტყუპი შვილები ჰყავთ. კაბაევა ხელმძღვანელობს მედია ჰოლდინგს, რომელიც თითქმის სრულად მართავს რუსულ პროპაგანდას. სწორედ ამიტომ, პუტინის პირადი პატიმარი ალექსეი ნავალნი კაბაევას მიმართ მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს. შვეიცარიაში უკვე შეგროვდა 75 000 ხელმოწერა მოთხოვნით – “გაუშვით ის თავის ფიურერთან!“.

თავად ვლადიმირ პუტინი ოჯახის წევრებზე ღიად არასდროს საუბრობს. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მის ქალიშვილებს არანაირი ბიზნესი არ აქვთ.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ პრესის ფურცლებზე აქტუალური გახადა სერგეი ლავროვის დაფარული ცხოვრებაც. დასავლეთმა რუსეთის პირველ დიპლომატს სანქციები დაუწესა. ასევე, გაიყინა მისი არაოფიციალური მეუღლის და გერის კუთვნილი აქტივები დიდ ბრიტანეთში. შეერთებული შტატები კი პირობას დებს, რომ რუსეთის ელიტა მკაცრ სანქციებს ვერ დაემალება.

სანქციების ქვეშ მოყვა პუტინის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი და მისი ქალიშვილი ელიზავეტა. პესკოვის ოჯახის ზუსტი ქონება უცნობია, თუმცა, როგორც "გარდიანი" წერს, ის მრავალმილიონიან კაპიტალს ფლობს.

დასავლეთის ქვეყნებში გრძელდება რუსი ოლიგარქებისთვის ქონების ჩამორთმევა. მხოლოდ ნიდერლანდებში დაყადაღდა 14 სუპერ იახტა, საერთო ჯამში კი, ომის დაწყებიდან დღემდე, კრემლთან დაახლოებულმა ოლიგარქებმა 2 მილიარდი დოლარის ღირებულების იახტები დაკარგეს.

დღის ამბები