საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი თბილისის მერ კახა კალაძეს შეხვდა.
საქართველოში უკრაინის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით მყოფი უკრაინის მოქალაქეების დახმარების გადაუდებელი საკითხები, საქართველოს სკოლამდელ სასწავლო დაწესებულებებში უკრაინული ჯგუფების შექმნა, ასევე კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციისთვის ფინანსური დახმარება.
უკრაინის საელჩოს ცნობით, კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მერია საკრებულოსთან თანამშრომლობით მზად არის, იმუშაოს თბილისის ერთ-ერთი მოედნისთვის „უკრაინის გმირების“ სახელის მინიჭების საკითხზე.
"უკრაინულმა მხარემ მადლობა გამოხატა თბილისის მერიის მიერ უკრაინისთვის 50 ტონა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის (საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, ტანსაცმელი და ა.შ.)," აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.