ასობით სამოქალაქო პირის დახოცვის უმძიმესი კადრების გავრცელების შემდეგ, პოლონეთი ევროკავშირის ქვეყნებს სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. "ტოტალიტარულ-ფაშისტური სახელმწიფო" - უწოდა ოკუპანტ რუსეთს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მან რუსი სამხედროები გენოციდის მოწყობაშიც დაადანაშაულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხშაბათს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა გაიმართება, რომელზეც სანქციებთან დაკავშირებით იმსჯელებენ. პროტოკოლის მიხედვით, სანქციათა პაკეტს სწორედ ელჩები ათანხმებენ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავიეცკი მიიჩნევს, რომ გარდა ჰუმანიტარულისა, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა უნდა აიკრძალოს, ვიზები მხოლოდ მათთვის უნდა გაიცეს, ვისაც რუსეთის დატოვება სურს.
"მთავარი მუხრუჭი ევროკავშირის უმსხვილესი და მდიდარი ქვეყნები არიან. უნგრეთმა არ დააწესა სანქციები. სიტუაცია ევროპაში ძალიან მარტივია, ეს ჩანს ევროპის საბჭოს სხდომების სტენოგრამებშიც. გერმანია სანქციების ძირითადი მუხრუჭია. მე მომავალშიც გავაგრძელებ ჩემი უნგრელი კოლეგისთვის მოწოდებას, მხარი დაუჭიროს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ევროპას კი მოვუწოდებ უარი თქვას რუსულ გაზსა და ნავთობზე.
რუსეთის საზოგადოებას მკაცრი სანქციები უნდა დაუწესდეს. გარდა ჰუმანიტარულისა რუსებისთვის ვიზების გაცემა უნდა აიკრძალოს, ვიზების გაცემა უნდა მოხდეს მხოლოდ მათთვის, ვისაც სურს დატოვოს რუსეთი. ბოლო ევროპულ საბჭოზე ჩვენ ასევე შემოგვთავაზეს სანქციები "ერთიანი რუსეთის" - პუტინის პარტიის ყველა წევრის წინააღმდეგ. არა მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი - არამედ ყველა პასუხისმგებელია: ვინც დუმს და ვინც მხარს უჭერს პუტინს," - განაცხადა მან.
როდის იმსჯელებენ დასავლელი ლიდერები რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებაზე - სამხედრო დანაშაულში ადანაშაულებს რუსეთს საფრანგეთის პრეზიდენტიც. ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ბუჩაში მომხდარის გამო, რუსეთის წინააღმდეგ საჭიროა დამატებითი სანქციების დაწესება.
"ის, რაც ახლახან მოხდა ბუჩაში, მოითხოვს სანქციების ახალ რაუნდს და ძალიან მკაფიო ზომებს. ჩვენ კოორდინაციას გავუწევთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით გერმანიასთან და მივიღებთ შემდგომ ინდივიდუალურ ზომებს. მე სანქციების ახალი რაუნდის მომხრე ვარ, განსაკუთრებით ნახშირსა და ბენზინზე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ გვჭირდებოდა შემაკავებელი სანქციები. რაც ახლა მოხდა და რაც ხდება მარიუპოლში, საჭიროებს ჩვენი მხრიდან გზავნილის გაგზავნას, რომ ჩვენი კოლექტიური ღირსება და ღირებულებები, უნდა დავიცვათ," - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის კრისტინ ლამბრეხტის განცხადებით, ევროკავშირის მინისტრებმა ბუჩაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხი უნდა იპოვონ და რუსული გაზის იმპორტი აკრძალონ.
"რუსეთს ბრალი ედება უკრაინის ქალაქ ბუჩაში ომის დანაშაულებში. იქ გადაღებული კადრები შოკისმომგვრელია. ამიტომ ევროკავშირის მინისტრებმა ამისთვის შესაბამისი პასუხი უნდა იპოვონ და განიხილონ რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა. უნდა გადაიხედოს თუ კიდევ რა სახის სანქციები შეიძლება დაწესდეს დამატებით. ჩვენ ყველას უნდა გვქონდეს მომხდარზე ერთიანი რეაქცია," - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.