27 ნოემბერი 2024,   17:57
ვრცლად
2 ცხედარი, 4 დაჭრილი და 5 დაკავებული - "კურიერის" ექსკლუზიური კადრები, რომელიც თბილისის ცენტრში მომხდარი კრიმინალური გარჩევის მონაწილე პირების დაკავებას ასახავს

"კურიერმა" სისხლიანი გარჩევის მონაწილე პირების დაკავების ღონისძიების ექსკლუზიური კადრები მოიპოვა. ლაგუნა ვერესთან მდებარე ერთ-ერთი შენობის პატარა ოთახში 20-მდე მამაკაცი ერთმანეთს იარაღით გაუსწორა. დაიჭრა 4 ადამიანი, ორი კი გარდაიცვალა. 

52 წლის მამაკაცის ცხედარი მობილურით გადაღებულ კადრებშიც ჩანს; მეორე, დაჭრილ მდგომარეობაში მეოთხე სართულიდან გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა შემტევის ადგილზე სამი პირი განაიარაღეს და ხელბორკილები დაადეს, მათ შორის ერთ-ერთი ფეხის არეშია დაჭრილი. მობილურით გადაღებული კადრების მიხედვით დაპირისპირებაში მონაწილე მამაკაცები ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღებით იყვნენ მისულები, ამას სამართალდამცველების მხრიდან იარაღის დაყრის მოწოდება და იატაკზე დაგდებული ავტომატიც ადასტურებს.

საოფისე ფართს, სადაც მკვლელობით დასრულებული გარჩევა მოხდა, სისხლის კვალი ახლაც ეტყობა. მთელი ღამის განმავლობაში აქ სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. ექსპერტ კრიმინალისტებმა ოთახში შესასვლელი კარი დალუქეს. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები ამოიღო და გამოჰკითხა მოწმეებიც. 

დაპირისპირების მიზეზებზე რამდენიმე ვერსია გავრცელდა, მათ შორის უთანხმოება ფულთან დაკავშირებით. "კურიერის" ინფორმაციით საუბარია სოლიდულ თანხაზე, რამდენიმე მილიონზე, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლებს უნდა გადაეხადათ, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ და სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით გარჩევაში კრიმინალური ავტორიტეტებიც მონაწილეობდნენ.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე 5 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების, იარაღის უკანონო შეძენა შენახვის,ტარების და შეუტყობინებლობის მუხლით დაიწყო. 

დაკავებულები წინასწარი მოთავსების იზოლატორში არიან. ყველა მათგანს იცავს ადვოკატი. ერთ-ერთის ინტერესების დამცველი "კურიერთან" ჰყვება, რომ საქმეში, ამ ეტაპზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

დაკავებულები წინასწარი მოთავსების იზოლატორში უკვე მოინახულეს მათი ინტერესების დამცველებმა. თუმცა, ადვოკატები, ამ ეტაპზე, საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ. 5 პირის მიმართ სასამართლო ააღკვეთის ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

დღის ამბები