27 ნოემბერი 2024,   17:57
ვრცლად
საერთო სასაფლაოებში დაკრძალული ასობით ადამიანი - ბუჩაში რუსეთმა ომის ყველა დანაშაული ჩაიდინა

უკრაინის ქალაქ ბუჩაზე, 30-ათასიანი მოსახლით კიევთან ახლოს, რუსმა ოკუპანტებმა პირველი იერიში 27 თებერვალს მიიტანეს, შემდეგ კი იყო ხანგრძლივი ბრძოლა მისი კონტროლისთვის. კონტროლი უკრაინულმა მხარემ გუშინ დაიბრუნა, ბუჩაში შესულებს კი შემზარავი სურათი დახვდათ - ცხედრები ყველგან, მათ შორის ბავშვების და ქალების, მოხუცების, მათი, ვინც თავდასხმის დროს ქუჩაში ველოსიპედებით გადაადგილდებოდა, მათი, ვინც თავს სარდაფებს აფარებდა და მათიც, ვინც მტერს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ხელები შეუკრეს, აწამეს, გააუპატიურეს, საკანალიზაციო ჭებში ჩაყარეს, ზოგსაც ტანკებით გადაუარეს. არც ცხოველები დაინდეს.

ბუჩა ოკუპანტებმა სამიზნედ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარეობის გამო შეარჩიეს. თავისუფლება ქალაქს ძვირი დაუჯდა. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ამ დროისთვის 500-ამდე გარდაცვლილზე საუბრობენ, თუმცა, ქალაქში ყოველ წუთს პოულობენ ცხედრებს და საფლავებს, გარდაცვლილები კი საერთო საფლავებამდე მიკროავტობუსებით გადაჰყავთ. 

სატელიტიდან გადაღებული ფოტოზე ჩანს ეკლესიის მიმდებარედ გათხრილი საერთო საფლავი. კოსმოსური ტექნოლოგიების კერძო კომპანია, Maxar Technologies-ის ინფორმაციით, მისი გათხრა 10 მარტს დაიწყეს, როდესაც ქალაქზე კონტროლი ჯერ კიდევ რუსულ მხარეს ჰქონდა, რაც იმას ადასტურებს, რომ დაღუპულები ბუჩაში, დაახლოებით, ერთი თვის წინაც ბევრი იყო. თხრილები, სადაც მოკლულებს მასობრივად კრძალავენ, დაახლოებით 13 მეტრის სიგრძისაა და იქ უკვე ნაპოვნია 280-ამდე ცხედარი. 

ბუჩაში მოსახლეობის დაბრუნება ჯერ კიდევ საშიშია. დიდი ალბათობით, ქალაქში დატოვებულია ნაღმები და არც ის არის გამორიცხული, ადგილზე დივერსანტებიც რჩებოდნენ.

რაც მსოფლიომ ბოლო ორი დღის განმავლობაში საკუთარი თვალით ნახა, ოფიციალური რუსეთი "უკრაინის მთავრობის მორიგ პროვოკაციას" უწოდებს. თან ამტკიცებს, რომ არცერთ მშვიდობიან მოქალაქეს რუსული შეიარაღებული ძალების მხრიდან ბუჩაზე კონტროლისას, ძალადობა არ განუცდია. კრემლის პროპაგანდისტები ამბობენ, რომ ქალაქი თავად უკრაინელებმა დაბომბეს. უკრაინული მხარე კი აცხადებს, რომ უკვე გაშიფრული ჰყავს ყველა მოძალადე და მათი სიებიც გამოქვეყნდა.

უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვა რუსულ ენაზე სპეციალურად რუსი ჯარისკაცების დედებისთვის გაავრცელა. დათმობის პოლიტიკის შედეგის თვალსაჩინოებისთვის კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუჩაში მსოფლიო ლიდერები მიიწვია. უკრაინის პრეზიდენტი ბუჩაში დღეს თავადაც ჩავიდა. 

ცხედრები ზურგს უკან შეკრული ხელებით, დაჩოქილები, ნაწამები, გაშიშვლებულები - ყველაზე კარგად უყვება მსოფლიოს, როგორია რუსული სისასტიკე. 

დღის ამბები