27 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
ტურისტული სექტორი გასული წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის - შეღავათით ისარგებლებს ყველა ის მიმართულება, რომელიც პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა

ტურიზმის სექტორში მომუშავე ბიზნესი, გასული წლის ქონების გადასახადისგან სრულიად გათავისუფლდა. გადაწყვეტილების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

საუბარია კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებულ მიმართულებებზე, რომლებსაც მთავრობამ ქონების გადასახადი ჯერ გადაუვადა, შემდეგ კი მთლიანად ჩამოაწერა. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების თქმით, მთავრობის მეთაურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და დახურვისგან უამრავ ობიექტს იხსნის. მათ შორის სასტუმროები, რესტორნები, ტუროპერატორები და გიდები. სია იმ ბიზნესისა, რომელსაც დახურვა არ ემუქრება და საქართველოსთვის პრიორიტეტული მიმართულებაა საკმაოდ დიდია.

ქონების გადასახადის გადავადება, ამის შემდეგ კი მთლიანად განულება ბიზნესს რომ ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, თანხმდებიან ტურიზმის სექტორში. საუბრობენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი და დროული იყო.

ტურიზმის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების შემდეგ აუცილებელია მოხდეს ინდუსტრიის მუშაობის დროული აღდგენა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სფერო უმოკლეს ვადაში უნდა დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ნიშნულს.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ტურიზმის სფეროს მეტი ხელშეწყობისთვის არაერთი დროული გადაწყვეტილებაა მიღებული და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

დღის ამბები