27 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
ზალკალიანი ელჩად, დარჩიაშვილი კი - მინისტრად - რატომ მიიღო პრემიერ-მინისტრმა ცვლილებების გადაწყვეტილება სწორედ ახლა

4 წლის განმავლობაში ქვეყნის პირველი დიპლომატი ელჩად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კი საგარეო საქმეთა მინისტრად - ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი საკადრო ცვლილება მინისტრთა კაბინეტში. პირველ ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ამიერიდან, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავება ევალება, ახალ მინისტრს კი - ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოვება.

პრემიერ-მინისტრმა დავით ზალკალიანს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პირველი დავალებაც მისცა - ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადატანა.

სამთავრობო ცვლილებების ეფექტურობის არ სჯერა ოპოზიციას, მმართველი გუნდი კი მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალი სისხლი დიპლომატიური უწყების მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.

უკვე ყოფილი და ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრები უწყებაში ერთად საკადრო ცვლილების განხორციელებიდან მალევე გამოჩნდნენ. დავით ზალკალიანმა მის შემცვლელს მოადგილეები წარუდგინა. მანამდე კი ქვეყნის პირველი დიპლომატი ამ ახალი სტატუსით მის წინამორბედთან ერთად მთავრობის სხდომას დაესწრო.

დავით ზალკალიანი დავით ბაქრაძეს ჩაანაცვლებს, რომელიც შტატებში საქართველოს ელჩად 2 ვადით მუშაობდა.

რა გახდა საგარეო საქმეთა მინისტრის ცვლილების საფუძველი და რატომ შეირჩა კონკრეტულად ეს დრო - მმართველ პარტიაში განმარტეს, რომ საკადრო გადაადგილებაზე გუნდში მსჯელობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა უკრაინაში ომმა პროცესი შეაჩერა.

ილია დარჩიაშვილის გამოცდილებაზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა. საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს, როგორც საჯარო უწყებებში, ასევე დიპლომატიური კუთხით მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა. "ქართულ ოცნებაში" დარწუნებული არიან, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო აქტიური გახდება.

ილია დარჩიაშვილი ახალ თანამდებობაზე მუშაობას დღეიდან შეუდგა, მინისტრთა კაბინეტში ეკონომიკური გუნდის ცვლილების შემდეგ ეს უკვე მესამე მინისტრის ცვლილებაა.

დღის ამბები