27 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
ბრალი წაუყენეს პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელმაც სააკაშვილის ადვოკატს შეურაცხყოფა მიაყენა

პენიტენციური დეპარტამენტის იმ თანამშრომელს, რომელმაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს შეურაცხყოფა მიაყენა, ბრალი წაუყენეს.

ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ ბრიფინგზე განაცხადა. დაკითხულია 17 პირი, გამოძიების ფარგლებში ამოღებულია ვიდეო-მასალა. გამოძიება მიმდინარეობს 333 მუხლით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტებას გულისხმობს.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, დანაშაულში მხილებულ იქნა პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელმაც სამსახურებრივ მოვალეობას გადაამეტა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის მიმართ. 2022 წლის 2 მარტს, N16-ე პენიტენციურ დაწესებულებაში მეტალოდეტექტორით შემოწმებისას პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელს სიტყვიერი დაპირისპირება ამოუხდა ადვოკატ შოთა თუთბერიძესთან. ოთახიდან გამოსვლისას პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გაემართა შოთა თუთბერიძის მიმართულებით. პენიტენციური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ დანაშაულისთვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით,"- განაცხადა ბრიფინგზე კოკა კაციტაძემ. 

დღის ამბები