27 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
ეს შეურაცხმყოფელია, კითხვები ჩნდება იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს მოდის იმ სამსახურიდან, სადაც  დაინიშნა გია ლორთქიფანიძე - გიორგი კახიანი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსები აყალიბებენ არხს კონტრაბანდული სანქცირებული პროდუქციისთვის, მათ შორის სამხედრო საქონლისთვის, საქართველოს ტერიტორიის გავლით.

"სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე. პარალელურად, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში," - აცხადებენ უწყებაში.

თბილისში ამ ინფორმაციას სრულ აბსურდს უწოდებენ. აცხადებენ, რომ კითხვებს იწვევს, ის რომ ამ ინფორმაციას ის სამსახური ავრცელებს, რომლის ხელმძღვანელის მოადგილედაც გია ლორთქიფანიძე დაინიშნა.

"რბილად რომ ვთქვათ, ამას სიმართლესთან არანაირი შემხებლობა და კავშირი არ აქვს. ეს შეურაცხმყოფელიც კია ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ასეთი კითხვები შეიძლება გაჩნდეს. ეს სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება, პირიქით, კითხვები ჩნდება, რატომ შეიძლება იყოს ასეთი მოსაზრება და ხომ არ უკავშირდება ეს იმ ჰიბრიდულ ომს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებს და კითხვები ჩნდება იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს ინფორმაცია მოდის იმ სამსახურიდან, რომლის ხელმძღვანელის მოადგილედ, სულ ცოტა ხნის წინ, დაინიშნა გია ლორთქიფანიძე. ანუ ლოგიკა უფრო ამას გვკარნახობს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.

დღის ამბები