საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პირველი სამუშაო დღე მინისტრის მოადგილეებთან შეხვედრით დაიწყო. სამინისტროში მას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა, რომელმაც კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
მოადგილეებთან შეხვედრაზე განიხილეს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამინისტროს გუნდის საქმიანობა კვლავაც საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესრულებაზე იქნება ორიენტირებული.
მათ შორის, გაგრძელდება მუშაობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებისა, ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების და ქართული დიასპორის გაძლიერების მიმართულებით.
აღინიშნა, რომ უწყების მთლიანი გუნდის მომავალი ძალისხმევა კვლავ ქვეყნის წინაშე მდგარი საგარეო პოლიტიკური გამოწვევების ეფექტიანად დაძლევისკენ იქნება მიმართული.