კიევის ოლქიდან რუსეთის ჯარის ნაწილებმა სრულად დაიხიეს უკან, თუმცა, პარალელურად, ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში სარაკეტო იერიშები არ წყდება. გასული 24 საათის განმავლობაში დაიბომბა ოდესა. დარტყმები განხორციელდა, ხარკოვში და დონბასშიც.
კვლავ მძიმეა ვითარება მარიუპოლში. აქ ოკუპანტი ქვეყანა მორიგ ჯერზე დებს პირობას, რომ ჰუმანიტარულ დერეფნებს თავს არ დაესხმება, თუმცა წინა რამდენიმე შემთხვევაში ეს პირობა დაირღვა. იმის მიუხედავად, რომ მათ ავტომატებს უმიზნებენ და ხშირად ესვრიან კიდეც ოკუპაციის წინააღმდეგ გამოსვლები არ წყდება ხარკოვში, ხერსონსა და სხვა ქალაქებში. უკრაინის მოქალაქეები რუს ჯარისკაცებს მოუწოდებენ წავიდნენ სახლში, ქვეყნის ხელისუფლება კი მათ გასადევნად მეტ დახმარებას და რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ითხოვს.
ჰოსტომელის აეროპორტი ოკუპანტის მიერ ე.წ მშვიდობის დამყარების შემდეგ ასე გამოიყურება. განადგურებულია ფაქტობრივად ყველა საფრენი აპარატი. როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო ან 225, ისე ყველაზე პატარა თვითმფრინავი.
რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა დილიდან ხარკოვში. ქალაქს ოკუპანტები 24 თებერვლიდან ინტენსიურად ბომბავენ. არაოფიციალური ცნობით განადგურებულია ინფრასტრუქტურის 70%.
"მშვიდობის" დამყარება დაბომბვით დაიწყეს დილიდან ოდესაში. ზღვისპირა ქალაქის მიმართლებით 6 რაკეტა ისროლეს. ოფიციალური ინფორმაციის, თანახმად დაშავებულები არ არიან. განადგურებულია რამდენიმე ობიექტი.
უკრაინელმა ჯარისკაცებმა ღამის განმავლობაში, დონბასში რუსული არმიის 6 შეტევა მოიგერიეს. მტერმა რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა და ავტომობილი დაკარგა. ჩამოგდებულია 2 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი, 1 უპილოტო საფრენი აპარატი და 4 ფრთოსანი რაკეტა.
გასული ღამე შეაჯამეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც.
დარტყმის ობიექტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იქნება მარიუპოლი. ამის პირობას ოკუპანტები დებენ და ამბობენ, საევაკუაციო კოლონებს ცეცხლს აღარ გაუხსნიან. დაპირების არ სჯერა ოფიციალურ კიევს, თუმცა ევაკუაცია მაინც გამოცხადდა.
რუსეთს საერთაშორისო სამართლის, ასევე ომის დაწერილი თუ დაუწერელი კანონების დარღვევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს დახმარების თხოვნით მიმართავს.
დახმარება ამ ეტაპზე სანქციების მორიგი, მეხუთე პაკეტია. ევროკომისიის ახალმა შეზღუდვებმა უნდა აღმოფხვრას ის ე.წ "შავი ხვრელები" რომელთა საშუალებითაც, რუსეთი აქამდე დაწესებული სანქციების ნაწილის გვერდის ავლით მოქმედებდა.
გზის დაკეტვა არ უცდიათ დღეს ხერსონსა და კახოვკაში - მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს. აქ დემონსტრანტები ქალაქის ოკუპაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მოთხოვნები მიუღებელი აღმოჩნდა რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლებმაც აქციის მონაწილეებს ხმოვანი ყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღი დაუპირისპირეს.