პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "დღეს მსოფლიოში არც ერთი ხელისუფალი, არც ერთი ქვეყნის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს არ მოუწოდებს უკრაინაში წასვლისკენ და იქ საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ, მინდა მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო, პირიქით."
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველამ მოისმინა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ევროპის ქვეყნების ლიდერების გამოსვლები, სადაც ისინი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, სოლიდარობა განსხვავებული ფორმით გამოხატონ, მათ შორის ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნით.
"მე ვუერთდები მსოფლიო ლიდერების ამ მოწოდებას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ გამოვხატოთ სხვა ფორმით, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა თუ სხვა, მათ შორის აქ ჩამოსული უკრაინის მოქალაქეების დახმარება. ეს არის ჩვენი მთავრობის პოზიცია," - განაცხადა პრემიერმა.