მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი დავით არახამია აცხადებს, რომ მოსკოვი ვერბალურად დათანხმდა კიევის შეთავაზებებს ნეიტრალურ სტატუსსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით.
"რუსულმა დელეგაციამ დაადასტურა ჩვენი თეზისი რომ დოკუმენტების პროექტები საკმარისად არის შემუშავებული, რათა კონსულტაციები ჩატარდეს 2 ქვეყნის ლიდერებს შორის. ჩვენი ამოცანაა სწრაფად შევიმუშაოთ იმ საკითხების საბოლოო სტადია, რომლებსაც უკვე შევეხეთ და მოვამზადოთ პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრა. მოსკოვი ვერბალურად დათანხმდა კიევის შეთავაზებებს ნეიტრალურ სტატუსსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით. მივიღეთ ზეპირი პასუხი, რომ ისინი ყირიმზე შეთავაზების გარდა, სხვა პოზიციებს ეთანხმებიან," - განაცხადა მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ.
რაც შეეხება რუსულ მხარეს, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ მედინისკის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების პროექტი ჯერ მზად არ არის.
მისი განცხადებით, შეთანხმების პროექტისა და მაღალ დონეზე შეხვედრის მზაობასთან დაკავშირებით არახამიას ოპტიმიზმს არ იზიარებს.
"უკრაინული მხარე უფრო რეალისტური გახდა უკრაინის ნეიტრალურ და არაბირთვულ სტატუსთან დაკავშირებით, მაგრამ ხელშეკრულების პროექტი მზად არ არის მაღალი დონის შეხვედრაზე წარსადგენად. გვესმის, რომ დავით არახამია მიმართავს თავის აუდიტორიას. ჩვენ კი ისევ და ისევ ვიმეორებთ - რუსეთის პოზიცია ყირიმსა და დონბასზე უცვლელია. რაც შეეხება შეთანხმების პროექტის მზადყოფნას შეხვედრისთვის სამწუხაროდ, დავით არახამიას ოპტიმიზმს არ ვიზიარებ. უფრო მეტიც, უკრაინის დიპლომატიური და სამხედრო "ექსპერტები" ბევრად ჩამორჩებიან პროექტის ტექსტის დადასტურებას. იმ შეთანხმებისაც კი, რომელიც უკვე მიღწეულია პოლიტიკურ დონეზე," - აღნიშნა მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ.