"ნაციონალურმა მოძრაობამ" დღევანდელი არჩევნების შედეგები შეაჯამა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე გამოსვლა მხარდამჭერებისადმი მადლობით დაიწყო. კირთაძის თქმით, გამართლდა მოლოდინი, რომ მმართველი პარტია არჩევნებს დაშინებისა და შანტაჟით ჩაატარებდა. როგორც ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, ყველაფრის მიუხედავად არჩევნებში მონაწილეობა სწორი გადაწყვეტილება იყო.
"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით. მათ შორის ამ ბრძოლის ავანგარდში იქნება მათე ფუტკარაძე, რომელსაც მადლობა მინდა გადავუხადო ამ უთანასწორო ბრძოლაში შემოსვლისთვის. ბრძოლა იქნება ყველგან და ეს ბრძოლა დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით,"-განაცხადა გიორგი კირთაძემ.
ზეწოლაზე ისაუბრა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მირდატ ქამადაძემაც. მისი თქმით, ბევრმა ადამიანმა ვერ გაუძლო ზეწოლას და ოცნებამ შედეგი ხელების გადაგრეხვით გაიფორმა.
"ცვლილებებს ელის მთელი მოსახლეობა. ბრძოლა გრძელდება ამ ქვეყნის გამრჯვებამდე ეს შუალედური არჩევნები 14 უბანზე არ შეიძლება შეფასდეს მთელი ბათუმის განწყობის გამოხატულებად. შევხვდებით მალე ბრძოლის ველზე," - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.