ბათუმისგან განსხვავებით არჩევნები ტრადიციული მეთოდით ჩატარდა რუსთავსა და გარდაბნის რამდენიმე სოფელში. დღემ ისე ჩაიარა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში არც ერთი საჩივარი არ შესულა. უბნებზე არ დაფიქსირებულა არც ინციდენტები და არც დაპირისპირება.
არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება უკვე გააკეთა მმართველი გუნდის კანდიდატმა. ირაკლი შატაკიშვილი გამარჯვებაში დარწმუნებულია.
"არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ ვითარებაში. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, არ დაფიქსირებულა არცერთი საჩივარი, არც საუბნო და არც საოლქო საარჩევნო კომისიაში. მიუხედავად იმისა, რომ შუალედური არჩევნებისათვის არ არის დამახასიათებელი მაღალი აქტივობა, ჩვენს ოლქში 40 ათასამდე ამომრჩეველმა დააფიქსირა თავისი ნება. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, რომ რუსთავში არჩევნებს "ქართული ოცნების" გუნდი იგებს,"- აცხადებს ირაკლი შატაკიშვილი.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამ წუთებში ადგილზე ბიულეტენების დათვლის და დახარისხების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც შემდგომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაიგზავნება.
"მთელი დღის განმავლობაში კენჭის ყრის პროცესმა ჩაიარა მშვიდ ვითარებაში. რაც იმაში აისახება, რომ არც ერთი საჩივარი, არც ერთ საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტანციაში არ დაფიქსირებულა. წინასწარი მონაცემებით რუსთავის საარჩევნო კომისიაში შემავალ უბნებში სულ 28 080 ამომრჩეველი ფიქსირდება,"-აცხადებს გაგა აფციაური.
შეგახსენებთ, დღეს ბათუმში, რუსთავსა და გარდაბნის რამდენიმე სოფელში შუალედური არჩევნები ტარდება. რუსთავი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. ბათუმი კი საკრებულოს ერთ დეპუტატს.
რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან: მამუკა ტუსკაძე "სოციალური სამართლიანობისათვის", ირაკლი შატაკიშვილი "ქართული ოცნება" და კამალ მურადხანოვი "საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია".
პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში ახალი მაჟორიტარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის წევრი ნინო ლაცაბიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე რუსთავის მერი გახდა.