27 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
ხმის მიცემის ელექტრონული პროცესი და კონკურენტი კანდიდატების მოლოდინები - როგორ ჩაიარა საარჩევნო დღემ ბათუმში

არჩევნების დღემ ბათუმში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა - 14-ივე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი სტაბილურად მიმდინარეობდა. იყო ცალკეული ხარვეზები, რომლებიც ტექნიკურ პრობლემებს და ელექტრონულად ხმის მიცემის პროცესს უკავშირდებოდა. რამდენიმე უბანზე იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც. ერთ-ერთ უბანთან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა პოლიციაც გამოიძახა.

ბათუმის ოლქის უბნები დღეს დილის 08:00 საათიდან გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა კი სიახლით ელექტრონული სისტემით დაიწყო - დროის შემცირება, როგორც ხმის მიცემის პროცესში, ასევე ბიულეტენების დათვლის დროს ეს სწორედ ელექტრონული სისტემის უპირატესობაა. ამომრჩეველთა ინდენტიფიცირებას კი ე.წ ვერიფიკაციის აპარატი ახდენს. 

რისკების შემცირების მიუხედავად ელექტორნული ტექნოლოგია დღეს პოლიტიკური ბრალდების მიზეზი მაინც გახდა. საუბარია რამდენიმე უბნის შემთხვევაზე, სადაც აპარატი დაზიანდა, ზოგიერთ შემთხვევაში მოწყობილობა შეცვალეს ნაწილში კი ალტერნატივად სამაგიდო სიები გამოიყენეს. 

ბათუმის ზოგიერთ უბანთან დღეს საპატრულო პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო. მიზეზი უბნის სიახლოვეს სხვადასხვა ჯგუფების შეკრება იყო. ინციდენტს თავიდან არიდების მიზნით სამართალდამცველებს საარჩევნო პროცესში ჩართულმა ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა. 

78-ე უბნისგან განსხვავებით გაცილებით მშვიდ ვითარებაში გააკეთეს არჩევანი სხვა უბნებზე.

ბათუმის საკრებულოს არჩევნებში 2 პარტია მონაწილეობს. "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". საკუთარი კანდიდატის გამარჯვებაში ორივე პოლიტიკური ძალა დარწმუნებული იყო, სწორედ ამ მიზეზით ისმოდა ურთიერთბრალდებებიც. 

რატომ იყო ამომრჩევლის აქტივობა მნიშვნელოვანი ეს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განმარტა.

შეგახსენებთ, დღეს ბათუმში, რუსთავსა და გარდაბნის რამდენიმე სოფელში შუალედური არჩევნები ტარდება. რუსთავი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. ბათუმი კი საკრებულოს ერთ დეპუტატს.

ბათუმი საკრებულოს ერთ დეპუტატს ირჩევს. შუალედური არჩევნებისთვის ბათუმის ოლქში 14 საარჩევნო უბანია გახსნილი. ბათუმში შუალედური არჩევნების მოსაგებად ორი კონკურენტი კანდიდატი - მათე ფუტკარაძე "ნაციონალური მოძრაობა" და რამაზ ჯინჭარაძე "ქართული ოცნება" იბრძვის.

ბათუმში არჩევნები საკრებულოს გონიო-კვარიათის მაჟორიტარი კანდიდატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო ტარდება. 

დღის ამბები