27 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
ორმხრივი სროლა "საქართველოს ბანკში" - "კურიერმა" გაარკვია, ვინ არიან თავდამსხმელები და როგორ გაიტაცეს თანხა

თბილისში ბანკი დააყაჩაღეს - ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა ორივე თავდამსხმელი, თუმცა ავტომატით შეიარაღებულმა პირებმა მათ ფულის წაღება მაინც შეძლეს. დაჭრილებმა მანქანის მძღოლს შუბლზე იარაღი დაადეს და აიძულეს ისინი კონკრეტულ მისამართზე წაეყვანა. პოლიციამ ორივე მათგანი ცხელ კვალზე აიყვანა.

აფრიკაში, სროლის ხმა ჭიჭინაძის ქუჩაზე გუშინ, დღის 4-დან 5 საათამდე მონაკვეთში გაისმა. "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალს 2 შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს, დააყაჩაღა და ადგილიდან მიიმალა. 

თავდაცვის რეჟიმში მყოფმა ბანკის დაცვამ თავდამსხმელებს ცეცხლი გაუხსნა. ორივე მსუბუქად დაიჭრა, თუმცა ამას მათთვის გაქცევაში ხელი არ შეუშლია. ბანკის დატოვების შემდეგ იქვე გაჩერებულ ავტომობილში ჩასხდნენ და მძღოლს იარაღის მუქარით კონკრეტულ მისამართზე წაყვანა აიძულეს.

"კურიერმა" დღეს დაკავებულების ვინაობა გაარკვია. ორივე მათგანი 29 წლისაა. გიორგი ჟორჟოლიანი და დავით ბაქრაძე მოსკოვის გამზირზე ცხოვრობენ. "კურიერი" დღეს სავარაუდო დამნაშავეების საცხოვრებელ მისამართზე იმყოფებოდა. ოჯახები მედიასთან არ კონტაქტობენ, თუმცა დაკავებულებზე მეზობლები საუბრობენ.

საქმე ბანკზე თავდასხმიდან რამდენიმე საათში გაიხსნა. ამოღებულია მიტაცებული თანხის ნაწილი და დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღები.

საქმეზე გამოძიება ორი მიმართულებით მუშაობს. ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობასთან ერთად სამართალდამცავი ორგანო დაკავებულებს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედავება. გიორგი ჟორჟოლიანსა და დავით ბაქრაძეს ბრალი დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში უნდა დაუზუსტდეთ.

გუშინ,თბილისში, აფრიკის დასახლებაში, "საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. მძარცველებმა გაქცევა მოახერხეს, თუმცა მალევე პოლიციამ ეჭვმიტანილები ცხელ კვალზე დააკავა. მძარცველები შეიარაღებული იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით.  

 

დღის ამბები