27 ნოემბერი 2024,   17:55
ვრცლად
ვინ არის და რატომ გამოჭრა ახალგაზრდა ქალმა ყელი მეგობარ მამაკაცს - რა სახელდება ქუთაისში მომხდარი მკვლელობის მთავარ მოტივად

ქუთაისში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე თვითმხილველები კურიერთან საუბრობენ. ყვებიან, რომ მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით ახალგაზრდა ქალმა მიაყენა. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში მომხდარს წინ უძღოდა შელაპარაკება. ქალმა ჯიბიდან მოულოდნელად დანა ამოიღო, მეგობარ მამაკაცს ყელის არეში ჩაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მოკლული მამაკაცი 43 წლის ტიტე კორძაძეა. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ახლობლები კამერების წინ მკვლელობის მოტივზე არ საუბრობენ, თუმცა პირად საუბრებში ყვებიან, რომ ქალმა მეგობარი მამაკაცი ეჭვიანობის გამო მოკლა.

ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ის 27 წლის სალომე ყვავაძეა. უცნობია, აღიარებს თუ არა უმძიმეს დანაშაულს ახალგაზრდა ქალი - ადვოკატმა საქმის მასალებზე საუბარი არ ისურვა. მედიასთან არ კონტაქტობს არც დაკავებულის ოჯახი.

27 წლის სალომე ყვავაძეს დღეს ბრალი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები