27 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
საავადმყოფოზე მიტანილი იერიში, საიდანაც 70-მდე პაციენტსა და მედპერსონალს სასწრაფო ევაკუაცია სჭირდება - რა ხდება ომის 38-ე დღეს უკრაინაში

რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ბალაკლიას რაიონულ საავადმყოფოს - შენობა ნაწილობრივ დაზიანდა. 70-მდე პაციენტს და პერსონალს სასწრაფო ევაკუაცია სჭირდება. რუსული რაკეტები დნეპროპეტროვსკის ოლქში რკინიგზას მოხვდა, მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. კრივოი როგის რაიონში კი კასეტური საბრძოლო მასალაზე მამა-შვილი აფეთქდა. 

ლუგანსკიზე ღამით განხორციელებული იერიშის შემდეგ ოკუპანტებმა 31 შენობა სრულად გაანადგურეს. აქედან 27 საცხოვრებელი კორპუსია. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მაშველები. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ არის.

ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში პოლტავაზეც მიიტანეს. დაიბომბა ნავთობის შემნახველი ბაზა და სურსათის საწყობი, ასევე რამდენიმე სამოქალაქო ობიექტი. 

გრძელდება შეტევა ხარკოვზე, გვიან ღამით ოკუპანტებმა იერიში ორ ქარხანაზე მიიტანეს. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, კიდევ ერთი თავდასხმა ბავშვთა გასართობ პარკზე განხორციელდა. 

სიმშვიდეა ჩერნიგოვში. უკვე თითქმის 24 საათია ოლქის ზონებში არ დაფიქსირებულა ოკუპანტის აქტივობა. მხარის გუბერნატორის თქმით, რუსული არმია ზონას ტოვებს. 

მთელი კვირის განმავლობაში, რუსული მე-2 არმიის კორპუსის დანაყოფებში პერსონალის დანაკარგმა დაახლოებით 800 ადამიანი შეადგინა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს 8 ტანკი, 44 ჯავშანტექნიკა, 16 ერთეული მანქანა და 10 საარტილერიო დანადგარი.

დანაკარგზე რუსეთის თავდაცვის უწყებაში ტრადიციულად, არ საუბრობენ. ამბობენ, რომ უკრაინა ომის წესებს არღვევს და რუსეთის სამშვიდობო ობიექტებს თავს ესხმის. 

უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კავშირი არც საბავშვო ბაღებს და არც საცხოვრებელ კორპუსებს აქვს, თუმცა ამის მიუხედავად ოკუპანტები ამ ობიექტებს მაინც ბომბავენ. ამაზე უკანასკნელ ვიდეო მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი ამბობს. ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს შეიარაღებას სთხოვს და რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრობს. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საკუთარ პრინციპებს არ უღალატებს.

დღეს ენერგოდარში მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბიეს. აქციის მონაწილეები ქალაქში ოკუპანტების შესვლას აპროტესტებდნენ. მათ წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა სროლის ხმაც. დაშავებულების შესახებ ცნობები ოფიციალურ წყაროებს ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.

დღის ამბები