28 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
"სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინები ითვლება ძალიან უსაფრთხოდ, გვერდითი მოვლენები და სასიკვდილო შემთხვევები დაფიქსირებული არ არის - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჩინური ვაქცინა "სინოფარმის" ეფექტიანობა მძიმე ფორმების პრევენციისთვის აღწევს 79%-ს და ხუთიდან ოთხ კაცს დაიცავს.

მისივე თქმით, ეს დაახლოებით ისეთი დაცვაა, როგორიც აქვს გრიპის ვაქცინას.

"ჩვენმა სახელმწიფომ შეიძინა ასი ათასი დოზა "სინოფარმი". ვარაუდია, რომ მისი გამოყენება დაიწყება ოთხი მაისის შემდეგ. ელოდებიან ავტორიზაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, რომელიც უნდა ყოფილიყო 29-ში, მაგრამ რაღაც დამატებითი საბუთები მოითხოვეს და რამდენიმე დღე შეიძლება კიდევ გაგრძელდეს.

ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობას აჩუქა ასი ათასი დოზა "სინოვაკის" ვაქცინა, მაგრამ ჯერ "სინოვაკზე" არ დაწყებულა რეგისტრაცია. ჯერ მასზეც ელოდებიან საერთაშორისო ავტორიზაციას. ვარაუდობენ, რომ "სინოფარმი" ცოტათი უფრო ადრე მიიღებს ავტორიზაციას, ვიდრე "სინოვაკი,"- აცხადებს ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საერთაშორისო მონაცემით და კლინიკური კვლევებით, ამ ვაქცინების ეფექტიანობა რამდენადმე ნაკლებია, ვიდრე სხვა ცნობილი ვაქცინების.

"ფაიზერი" 95 პროცენტს აღწევს, ხოლო დაავადების გადადების პრევენციისთვის ნაკლებს. "სინოფარმის" ეფექტიანობა მძიმე ფორმების პრევენციისთვის აღწევს 79%-ს. ანუ ცოტა დაბალია, ვიდრე "ფაიზერისა" და "ასტრაზენეკასი", მაგრამ მაინც საკმაოდ მაღალია. ხუთიდან ოთხ კაცს დაიცავს. ეს დაახლოებით ისეთი დაცვაა, როგორიც აქვს გრიპის ვაქცინას.

"სინოვაკის" პროცენტები ჯერჯერობით ბოლომდე დაზუსტებული არ არის. არის რამდენიმე კვლევა, შემდეგი შეხვედრის დროს გვეცოდინება და გეტყვით. ახლა წარადგინეს საბუთები. რაც შეეხება უსაფრთხოებას, აქ პირიქით არის, ორივე ვაქცინა, "სინოფარმიცა" და "სინოვაკიც" ითვლება ძალიან უსაფრთხოდ, ჯერ პრაქტიკულად მასზე გვერდითი მოვლენები და მით უმეტეს, სასიკვდილო შემთხვევები დაფიქსირებული არ არის. ასე რომ, ვინც გადაწყვეტს ჩინური ვაქცინის გამოყენებას, ამ მხრივ შეუძლია, მშვიდად იყოს,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები