28 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
"რეფერენტული ფასების პრინციპმა გაამართლა" - მიხეილ სარჯველაძე მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოში რეფერენტული ფასების პრინციპმა გაამართლა.

როგორც სარჯველაძემ გადაცემა "დღის კურიერში" აღნიშნა, გასაგებია, რომ ბიზნესს აქვს თავისი ინტერესები, თუმცა ეს ინტერესები საზღვრებს არ უნდა სცდებოდეს, შესაბამისად, ამ სფეროში სახელმწიფოს მხრიდან მარეგულირებლის ფუნქციის შეთავსება გამართლებულია.

"რეფერენტული ფასების პრინციპმა გაამართლა. ეს არის მეთოდოლოგია, რომლითაც არაერთი სახელმწიფო ოპერირებს და მოსახლეობას აზღვევს იმ შესაძლო რისკებისგან, რომელიც შეიძლება ფარმაცევტული პროდუქტების ბაზართან დაკავშირებით წარმოიქმნას.

ბუნებრივია, ბიზნესს აქვს თავისი ინტერესი, საკუთარი პრიორიტეტები და, რა თქმა უნდა, მათთვის ხელსაყრელია, როცა ექნებათ შესაძლებლობა, რაც შეიძლება მეტი იყოს მათთვის გათვალისწინებული მოგება, მაგრამ ეს არ არის ის სფერო, სადაც შეიძლება აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდეს შექმნილი ბიზნესის ინტერესს და ეს არ იყოს რაღაც ფორმით შეკავებული, ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელიც აზღვევს ჭარბი დომინაციისგან ბიზნეს ინტერესს. ეს არის ის სფერო, სადაც გამართლებულია, რომ სახელმწიფომ გარკვეული მარეგულირებელი ფუნქცია გამოიყენოს და არ დაუშვას, რომ, კომერციული ინტერესების გამო, გაუმართლებლად დიდი იყოს წნეხი მოქალაქეების ფინანსურ შესაძლებლობებზე და ა.შ.

ამ თვალსაზრისით, ნებისმიერი ჩარევა აბსოლუტურად ლეგიტიმური და გამართლებულია. ჩვენი ამოცანაც ეს გახლავთ, რომ რაც შეიძლება სამართლიანი გავხადოთ ეს სფერო. გასაგებია, რომ ბიზნესის ინტერესი უნდა იყოს დაკმაყოფილებული და ამის ფარგლებში უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ბიზნეს სტრუქტურებმა უზრუნველყონ საკუთარი მოგება, მაგრამ ეს არ უნდა ცდებოდეს საზღვრებს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველოში არსებობს ისეთი სტანდარტები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ აფთიაქებში იყოს მხოლოდ და მხოლოდ ის მედიკამენტი, რომელიც აკმაყოფილებს საუკეთესო ევროპულ სტანდარტებს.

"მოქალაქეებს აქვთ უზრუნველყოფილი, რომ პრაქტიკულად ყველა ის მედიკამენტი, რომელიც აუცილებელია, კონკრეტული ფორმულით, სულ მცირე ერთი დასახელება მაინც, ყოველ აფთიაქში აუცილებლად ინახებოდეს, შესაბამისად, ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხს, ეს ცალკე რეგლამენტაციისა და რეგულირების საგანია და რეალურად, საქართველოში არსებობს ისეთი სტანდარტები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენს აფთიაქებში იყოს მხოლოდ და მხოლოდ ის მედიკამენტი, რომელიც აკმაყოფილებს საუკეთესო ევროპულ სტანდარტებს. იგივე მედიკამენტები, რომელიც გამოიყენება ევროპულ სახელმწიფოებში", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები